საქართველოში 31 ათას ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი გადამუშავდა

ფერმერები არასტანდარტული ვაშლის ჩაბარებას 2021 წლის 15 დეკემბრამდე შეძლებენ.
Sputnik
თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. „არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 31 ათას ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლია გადამუშავებული, ნათქვამია სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს მთავრობა წელს, ისევე, როგორც შარშან, ფერმერებს არასტანდარტული ვაშლის ფიქსირებულ ფასში რეალიზებაში ეხმარება.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შიდა ქართლში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და რაჭა-ლეჩხუმში არასტანდარტულ ვაშლს ხილის გადამმუშავებელი 12 საწარმო იბარებს.

„არასტანდარტული ვაშლისგან მიღებული პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე იყიდება და ჩვენი ქვეყანა 4-დან 5 მილიონამდე ევროს შემოსავალს იღებს“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა.

ქვეყანაში არასტანდარტული ვაშლის ჩაბარების პროცესი 10 სექტემბერს დაიწყო. ფერმერებს სამრეწველო ვაშლის ჩაბარება შეუძლიათ იმ საწარმოებში, რომლებიც სახელმწიფო პროგრამაში არიან ჩართული.
ქართული ვაშლი გაძვირდა, ექსპორტი კი შემცირდა
სამრეწველო ვაშლის დაბინავების პროცესის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით სახელმწიფო სუბსიდიის პროგრამას ახორციელებს. სუბსიდირების პროგრამის თანახმად, სახელმწიფო 0,1 ლარს აუნაზღაურებს ხილის გადამმუშავებელ კომპანიებს, რომლებიც მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 0,22 ლარად შეისყიდიან. ფერმერები ვაშლის ჩაბარებას 2021 წლის 15 დეკემბრამდე შეძლებენ.
არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის სტიმულირების პროგრამა ეხმარება ფერმერებს არასტანდარტული ვაშლის მისაღებ ფასად რეალიზაციაში. ამავე დროს პროგრამა ხილის გადამმუშავებელი საწარმოების ნედლეულით მომარაგებას უწყობს ხელს. არასტანდარტული ვაშლის გადამუშავების შედეგად მიღებული კონცენტრატი ძირითადად ევროკავშირის ბაზარზე იყიდება.