თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. ვაქცინაციის პროცესის მხარდასაჭერად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები იწყებენ კამპანიას „ავიცრათ ერთმანეთისთვის“.
კამპანია 26 ნოემბერს, პარასკევს ვაკის პარკში დაიწყება. ამის შესახებ Facebook–ში უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ვადაჭკორიამ განაცხადა.
მისი თქმით, ვაქცინაცია ერთადერთი ხერხია პანდემიის დასამარცხებლად და გადასარჩენად.
„Covid-19-თან ბრძოლის პერიოდში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სოციალური და პროფესიული პასუხისმგებლობა, პანდემიის დაწყების დღიდან, განუზომლად დიდია. პანდემიის დასრულების გზა ვაქცინაციაზე გადის.სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ დღესდღეობით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების 87%, ხოლო აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის 93% სრულად არის ვაქცინირებული. აღნიშნულმა განსაზღვრა ის, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ფუნქციონირებს ტრადიციულ, არადისტანციურ რეჟიმში“, – განაცხადა რექტორმა.
ვადაჭკორიას თქმით, მედიკოსი სტუდენტები უნივერსალურ აქციას იწყებენ – „ავიცრათ ერთმანეთისთვის“. აქციის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სახის საინფორმაციო ღონისძიებები, რომლებსაც თანდათანობით სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები შეუერთდებიან.
კამპანიის ფარგლებში სტუდენტები თეთრ ხალათებსა და ქუდებში ვაკის პარკში შეიკრიბებიანდა მოსახლეობას აქტიური აცრისკენ მოუწოდებენ.
თბილისის გარდა ანალოგიური აქცია–პერფომანსები მოეწყობა გორში, ქუთაისში, ახალციხეში, გურჯაანში, ზუგდიდში, ბათუმში.
ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში მოზრდილი მოსახლეობის 34,6%–ია აცრილი.