COVID-19 - ბოლო ცნობები

გამყრელიძე: ქვეყანაში ორი „მწვანე პასპორტი“ იმოქმედებს

ევროკომისიამ საქართველოს კოვიდ-პასპორტი 15 ნოემბერს აღიარა.
Sputnik
თბილისი, 25 ნოემბერი - Sputnik. ქვეყანაში იმოქმედებს ორი კოვიდ–პასპორტი, ერთი შიდა მოხმარებისთვის, მეორე კი საზღვარგარეთ გასამგზავრებლად, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
კოვიდ–პასპორტი არის ელექტრონული დოკუმენტი, რომელიც შეიცავს მოქალაქის კოვიდ–სტატუსის შესახებ სრულ ინფორმაციას. იგი ძალაში 1 დეკემბრიდან შედის.
1 დეკემბრიდან რესტორნებში, კაფე–ბარებში, გასართობ ცენტრებში, კინოთეატრებში, თეატრებში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, სპა–ცენტრებში, სასტუმროებსა და ფიტნეს–დარბაზებში შესვლას მხოლოდ კოვიდ–პასპორტის მქონე პირები შეძლებენ.
„მწვანე პასპორტების“ ძირითადი დანიშნულება ადამიანებისთვის გარკვეული დისკომფორტის შექმნაა, იგი მათთვის ერთგვარ სტიმულად უნდა იქცეს, რომ წავიდნენ და აიცრან“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მისი თქმით, გარე და შიდა მოხმარების პასპორტებს შორის მთავარი განსხვავება მათი მოქმედების ვადებშია.
COVID-19 - ბოლო ცნობები
ჩხაიძე: კოვიდ-პასპორტები უვადო არ უნდა იყოს
ამ ეტაპზე შიდა მოხმარების კოვიდ–პასპორტი უვადოა სრულად ვაქცინირებული და კოვიდგადატანილი პირებისთვის. გარე მოხმარების კოვიდ–პასპორტის მოქმედების ვადა კი, რომელსაც მოქალაქეები უცხოეთში გამგზავრებისას გამოიყენებენ, ექვსი თვეა.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, საქართველოში „მწვანე პასპორტებს“ უვადო მოქმედების ვადა აქვს, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში კი კოვიდ–პასპორტების მოქმედების ვადა ექვსი თვიდან ერთ წლამდეა. აღნიშნული საკითხი შეიძლება გადაიხედოს, დასძინა მან.
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპზე ორი კოვიდ–პასპორტის სისტემა ყველაზე მეტად მისაღებია ქვეყნისთვის, რადგანაც „მოსახლეობა გაჭირვებით ეგუება სიახლეებს“.
„ამიტომაც ნაკლები სტრესისთვის კოვიდ–პასპორტის უვადოდ გაცემის გადაწყვეტილება მივიღეთ“, – განაცხადა ტიკარაძემ.
ევროკომისიამ საქართველოს კოვიდ-პასპორტი 15 ნოემბერს აღიარა. ამიერიდან საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ სერტიფიკატი სრული ვაქცინაციის შესახებ, ევროკავშირის ტერიტორიაზე გადაადგილებას შეძლებენ.