თბილისი, 25 ნოემბერი - Sputnik. ევროკომისია გამოვიდა ინიციატივით, ევროკავშირში შესვლის უფლება მიეცეს არა მხოლოდ მოქალაქეებს ქვეყნების „მწვანე“ სიიდან, არამედ ყველას, ვინც აცრილია ევროკავშირში აღიარებული COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებით, იუწყება РИА Новости.
„დღეს ევროკომისიაში გადავწყვიტეთ, რომ 1 მარტიდან გვექნება ევროკავშირში მესამე ქვეყნებიდან შესვლის ახალი წესები. გადაუდებელი მოგზაურობები მესამე ქვეყნებიდან დაიშვება. რაც შეეხება არაგადაუდებელ მოგზაურობებს, დღეს გვაქვს ქვეყნების სია (საიდანაც ევროკავშირის ქვეყნებში რეკომენდირებულია შესვლის დაშვება - რედ.). სია მოიცავს 20-მდე სახელმწიფოს. ახლა ჩვენ ცალკეული ქვეყნების მიდგომიდან გადავდივართ ინდივიდუალურზე. ეს ნიშნავს, რომ ყველას, ვინც აცრილია, შეუძლია ჩამოვიდეს ევროკავშირში“, - განაცხადა პრეს-კონფერენციაზე ევროკომისარმა ილვა იოჰანსონმა.
საუბარია ევროკავშირში გამოსაყენებლად დამტკიცებულ ვაქცინებზე. ამ შემთხვევაში ვაქცინაცია იქნება მოქმედი მხოლოდ 9 თვის განმავლობაში.
ევროკომისია ასევე რეკომენდაციას აძლევს ევროკავშირის ქვეყნებს, მიიღონ ის პირები, ვინც აცრილია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული პრეპარატებით, მაგრამ ამავე დროს მათ უნდა იქონიონ PCR ტესტის უარყოფითი პასუხი.
ასევე ქვროკავშირში შესვლას შეძლებენ ის პირები, ვინც გადაიტანა კორონავირუსი და ხელთ აქვთ PCR ტესტის უარყოფითი პასუხი.
„ეს შეიძლება განვიხილოთ როგორც უფრო მკაფიო წესები, რადგან ჩვენ ვითხოვთ ყველასგან, ვინც ჩამოდის არაგადაუდებელი მიზეზების გამო, იყოს აცრილი ... ან გამოჯანმრთელებული”, - განაცხადა მან.
იოჰანსონმა დასძინა, რომ 18 წლამდე ასაკის ადამიანებს შეუძლიათ მხოლოდ PCR ტესტით ჩამოსვლა.