თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. ვაქცინირებულ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც სამშობლოში სახმელეთო გზით დაბრუნდებიან, PCR–ტესტის გაკეთება აღარ დასჭირდებათ, განაცხადა საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.
შესაბამისი გადაწყვეტილება ოთხშბათს გამართულ საბჭოს სხდომაზე მიიღეს.
„საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში არიან ვაქცინირებული და ქვეყანაში შემოდიან სახმელეთო საზღვრით, PCR–ტესტის წარმოდგენის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან“, – განაცხადა ღიბრაძემ ბრიფინგზე.
რაც შეეხება საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ქვეყანაში საჰაერო გზით ბრუნდებიან, ისინი სავალდებულო PCR–ტესტის წარდგენისგან ისედაც გათავისუფლებული იყვნენ.
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად, ქვეყანაში 1 დეკემბრიდან „მწვანე პასპორტების“ კონცეფცია ამოქმედდება. „მწვანე პასპორტის" მოთხოვნა იმოქმედებს 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის, ასევე ტურისტებისთვის. 1 დეკემბრიდან მოქალაქეები სხვადასხვა ობიექტებში – კვების ობიექტები, რესტორნები, კაფე-ბარები, კინოთეატრები, ოპერა, მუზეუმები, საკონცერტო დარბაზები, გასართობი ცენტრები, სამორინეები და სათამაშო ბიზნესის ობიექტები, სპა-ცენტრები, ფიტნეს-დარბაზები, სასტუმროები – მხოლოდ „მწვანე პასპორტით" შეძლებენ შესვლას.
„მწვანე პასპორტებში“ ასახული იქნება თითოეული მოქალაქის კორონავირუსთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია – გადატანილი დაავადება, PCR-ტესტის შედეგები, ვაქცინაციის კურსი.