საქართველო ​„ოსკარზე" ლევან კოღუაშვილის „მეოთხე ბრაიტონს“ წარადგენს

ამერიკის კინოაკადემიის 94-ე დაჯილდოება 2022 წლის 27 მარტს გაიმართება.
Sputnik
თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. აშშ-ის კინოაკადემიის პრემია „ოსკარზე" ნომინაციაში „საუკეთესო საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმი“ საქართველოდან რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმი „მეოთხე ბრაიტონი“ იქნება წარდგენილი, ნათქვამია ეროვნული კინოცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოში ფილმის პრემიერა თბილისის 22-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში 5 დეკემბერს გაიმართება.
კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა „ოსკარისთვის“ სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების შერჩევა 1 სექტემბერს გამოაცხადა. საქართველოდან კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად სამი ქართული ფილმი იბრძოდა: „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?“ – რეჟისორი ალექსანდრე კობერიძე; „პერსონა #2“ – რეჟისორი ნინო ბასილია; „მეოთხე ბრაიტონი“ – რეჟისორი ლევან კოღუაშვილი.
„ოსკარსა“ და „ოქროს გლობუსზე“ საქართველოდან ლევან კოღუაშვილის ფილმი გაიგზავნება
ფილმი „მეოთხე ბრაიტონი“ ოთხი ქვეყნის თანამშრომლობით არის შექმნილი, თანაპროდიუსერი კი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხია“. ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერები არიან არმენ ზულოიანი, თინათინ ბერძენიშვილი და რუსუდან მანჯგალაძე. „მეოთხე ბრაიტონის“ ძირითადი ნაწილი გადაღებულია ნიუ-იორკში ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით, თანადამფინანსებელია საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“.
ლევან კოღუაშვილის ფილმი გვიყვება ამაღელვებელ ისტორიას ქართველი მოჭიდავე კახის შესახებ, რომელიც ბრუკლინში ჩადის, რათა შვილს აზარტული თამაშების გამო დადებული ვალის გადახდაში დაეხმაროს.
ქართველი რეჟისორის ფილმის შესახებ გამოცემა The Hollywood Reporter სტატიას აქვეყნებს>>>
ფილმში კახის პერსონაჟს ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე, მსოფლიო ჩემპიონატების ხუთგზის და ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონი ლევან თედიაშვილი ასრულებს. ამასთან, ერთ-ერთ მთავარ როლშია ასევე ლეგენდარული ქართველი მსახიობი კახი კავსაძე, რომლისთვისაც „მეოთხე ბრაიტონი“, სამწუხაროდ, ბოლო ფილმი აღმოჩნდა. ფილმის დამდგმელი ოპერატორია ფედონ პაპამიქაელი, რომელიც ორჯერ იყო ნომინირებული „ოსკარზე“, როგორც საუკეთესო კინოოპერატორი.
აღსანიშნავია, რომ ფილმმა „მეოთხე ბრაიტონი“ უკვე მიიღო ტრაიბეკას საერთაშორისო კინოფესტივალზე სამი მთავარი ჯილდო: საუკეთესო ფილმი, საუკეთესო სცენარი, საუკეთესო მსახიობი – ლევან თედიაშვილი.
ამერიკის კინოაკადემიის 94-ე დაჯილდოება 2022 წლის 27 მარტს გაიმართება.