ქართული ვაშლი გაძვირდა, ექსპორტი კი შემცირდა

ქართული ვაშლი ექსპორტზე ძირითადად რუსეთსა და მეზობელ სომხეთში გადის.
Sputnik
თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. საქართველოდან 1 აგვისტოდან დღემდე დაახლოებით 2,8 ათასი ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 1,8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.
გასულ წელთან შედარებით, საქართველოდან ექსპორტირებული ვაშლის მოცულობა 44%-ით, ექსპორტისგან მიღებული შემოსავალი კი 347 ათასი დოლარით (16%) შემცირდა.
უწყების ცნობით, ექსპორტის შემცირების ფონზე პროდუქციის ღირებულება 49%-ით გაიზარდა.
საანგარიშო პერიოდში ვაშლის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთში – 2.755 ტონა. დანარჩენი 5 ტონა კი მეზობელ სომხეთში გავიდა.
ვაშლის ექსპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით საქართველოში ახალი ბაღების გაშენების დასახმარებლად ხორციელდება პროგრამა „დანერგე მომავალი“. ამ პროგრამის ფარგლებში ვაშლის ბაღები 1.128 ჰექტარზე გაშენდა.
საქართველოდან მანდარინის ექსპორტი იზრდება
ხილის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა „ერთი ფანჯრის“ პრინციპით განხორციელდა. პროცესში ჩართული იყვნენ ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები.
საქართველოს მთავრობა წელს, ისევე, როგორც შარშან, ფერმერებს არასტანდარტული ვაშლის ფიქსირებულ ფასში რეალიზებაში ეხმარება.
სუბსიდირების პროგრამის თანახმად, სახელმწიფო 0,1 ლარს აუნაზღაურებს ხილის გადამმუშავებელ კომპანიებს, რომლებიც მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 0,22 ლარად შეისყიდიან. ფერმერები ვაშლის ჩაბარებას 2021 წლის 15 დეკემბრამდე შეძლებენ.
არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის სტიმულირების პროგრამა ეხმარება ფერმერებს არასტანდარტული ვაშლის მისაღებ ფასად რეალიზაციაში. ამავე დროს პროგრამა ხილის გადამმუშავებელი საწარმოების ნედლეულით მომარაგებას უწყობს ხელს. არასტანდარტული ვაშლის გადამუშავების შედეგად მიღებული კონცენტრატი ძირითადად ევროკავშირის ბაზარზე იყიდება.