თბილისი, 24 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა უკრაინის 32 წლის მოქალაქის გარდაცვალების მიზეზებზე გამოძიება დაიწყო, რომელიც სასჯელს გლდანის მე-8 ციხეში იხდიდა, განუცხადეს Sputnik-საქართველოს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.
გამოძიება დაიწყო სამსახურებრივი გულგრილობის სავარაუდო ფაქტზე, რამაც პატიმრის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია (სსკ-ის 342-ე მუხლი).
უწყებაში აღნიშნეს, რომ მსჯავრდებული იხდიდა სასჯელს ნარკოდანაშაულისთვის (ნარკოტიკული საშუალების, მათი ანალოგების, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან რეალიზაცია) და მას ციხეში 9 წლიანი პატიმრობის მოხდა მოუწევდა. ის გლდანის ციხეში 2021 წლის 30 ივლისს გადაიყვანეს.
მსჯავრდებულს დაწესებულებაში შესვლისას ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო შემოწმება, პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში ე.გ.-ს ჩაუტარდა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია Pfizer-ის პრეპარატის ორი დოზით.
„18 აგვისტოს მსჯავრდებულს ჩაუტარდა ოჯახის ექიმის კონსულტაცია და რაიმე ჩივილი არ წარმოუდგენია. 19 ნოემბერს ოჯახის ექიმმა განიხილა უკრაინულ ენაზე 2006-2010 წლებში არსებული მსჯავრდებულის სამედიცინო დოკუმენტაცია, რის შედეგადაც გაირკვა, რომ ე.გ.-ს დადგენილი ჰქონდა პერინატალური ენცეფალოპათიის ნარჩენი მოვლენები. ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონიის სინდრომი“, - განაცხადეს პენიტენციურ სამსახურში.
მსჯავრდებულის ცხედარი აღმოაჩინეს 24 ნოემბერს, თბილისის დროით 07:05 საათზე.
„მორიგე ექიმმა დააფიქსირა საწოლში ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მყოფი მსჯავრდებული, რომელსაც გასინჯვით პულსაცია არ აღენიშნებოდა“, - განაცხადეს უწყებაში.
გარდაცვლილის გარეგნული დათვალიერებით ძალადობის ნიშნები არ აღენიშნებოდა. რეანიმაციული ღონისძიებების პარალელურად, გამოძახებულ იქნა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელმაც დააფიქსირა გარდაცვალების ფაქტი.
ქართული მედიის ინფორმაციით, საუბარია უკრაინის მოქალაქე ეგორ გრეგენკოზე.