COVID-19 - ბოლო ცნობები

ამირან გამყრელიძე: საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი არ გამოვლენილა

საქართველოში, დღევანდელი მდგომარეობით, ძირითადად კორონავირუსის „დელტა“, ანუ „ინდური“ შტამია გავრცელებული, აღნიშნა გამყრელიძემ.
Sputnik
თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. კორონავირუსის ახალი, ე.წ. მიუ შტამი (AY.4.2), რომელიც ცირკულირებს ბრიტანეთში, რუსეთსა და ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, საქართველოში ჯერ არ გამოჩენილა, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
AY.4.2 პირველად დიდ ბრიტანეთში გამოვლინდა, რომელიც, შესაძლოა, „დელტა" ვარიანტზე უფრო მეტად გადამდები აღმოჩნდეს. მეცნიერების თქმით, AY.4.2 „დელტას" მრავალთაგან ერთ-ერთი განშტოებაა, რომელსაც, დიდი ალბათობით, უპირატესობა აქვს ვირუსის საწყის და ასევე სხვა ვერსიებთან შედარებით.
გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ახალი შტამების ცირკულაციის მონიტორინგი ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

„საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი ჯერჯერობით არ გამოჩენილა. ქვეყანაში ჯერ კიდევ „დელტა“, იგივე „ინდური“ შტამი დომინირებს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე ასევე რეინფიცირების შემთხვევებზე ისაუბრა და განმარტა, რომ სექტემბრის ბოლოსთვის რეინფიცირების დაახლოებით 5.000 ფაქტი დაფიქსირდა.
მისი განცხადებით, ქვეყანაში ძალიან დაბალია პირბადის ტარების მაჩვენებელი, რაც მნიშვნელოვანი კომპონენტია პანდემიასთან ბრძოლის პროცესში. გამყრელიძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობის 90-95 პროცენტი ატარებს პირბადეს, იანვრამდე 200-300 ადამიანის სიცოცხლე გადარჩება.
COVID-19 - ბოლო ცნობები
კულუმბეგოვი: ვაქცინაცია არის ერთადერთი გამოსავალი
„მარტო შოლტისა და მათრახის პრინციპი არ მუშაობს. უკვე ორი წელი გავიდა და უნდა გვესწავლა, რომ პირბადე ყველამ უნდა ვატაროთ და ვიყოთ სოლიდარულები. თავზე დადგომა, „დაგაჯარიმებთ“, „დაგიჭერთ“ და ა.შ. არ მუშაობს“, – აღნიშნა გამყრელიძემ.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.201-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 822.383-ს მიაღწია.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4.098 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 763.755-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 64 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 11.679-ს მიაღწია.