თბილისი, 24 ნოემბერი - Sputnik. ბაგების-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე არსებულ მეწყრულ ზონაში მთის ფერდის მცირე ნაწილი ჩამოიშალა, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება, იუწყება თბილისის მერია.
შემთხვევის ადგილზე დღეს იმყოფებოდნენ დედაქალაქის მერიის შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები, გეოლოგები და კონსტრუქტორები. არსებული ვითარებიდან გამომდინარე დაიგეგმა ფერდის გამაგრებისთვის საჭირო ღონისძიებები.
დაგეგმილი ღონისძიებების გამო 26 ნოემბერს 00:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე, ასევე 27 ნოემბრის 00:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება.
ბაგები-წყნეთის გზაზე მეწყერი გასული წლის აპრილში ჩამოწვა. დამეწყრილი უბნის გამაგრების მიზნით საყრდენი კედლები შენდება. სამუშაოები ითვალისწინებს 80 მეტრი სიგანისა და 5,5 მეტრი სიმაღლის საყრდენი კედლის მოწყობას.
აღნიშნულ ტერიტორიაზე მიმდინარე წლის მარტში გზის სავალ ნაწილზე გადაადგილების უსაფრთხოები მიზნით დამზღვევი სამუშაოები უკვე ჩატარდა და ფერდის დროებითი კედელი მოეწყო. ამის შემდეგ დაიგეგმა მასშტაბური პროექტის განხორციელება.