თბილისი, 24 ნოემბერი − Sputnik. შეერთებულმა შტატებმა დეკემბერში დაგეგმილ ვიდეოკონფერენციაზე „სამიტი დემოკრატიისთვის“ 110 ქვეყანა და ტერიტორია მიიწვია, რომელთა ჩამონათვალი სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზეა გამოქვეყნებული.
აღსანიშნავია, რომ მიწვეულთა შორის არ არიან რუსეთი და ჩინეთი. ამასთან ვიდეოკონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს ტაივანი, რომელიც ოფიციალური პეკინის პოზიციით (რაშიც მას რუსეთიც ეთანხმება), ჩინეთის ერთ-ერთი პროვინციაა. გარდა ამისა, სიაში შესულია ევროკავშირის ყველა ქვეყანა, გარდა უნგრეთისა. დოკუმენტის თანახმად, სამიტზე არ არის მიწვეული არც თურქეთი.
რაც შეეხება ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს, ვაშინგტონმა სამიტზე მიიწვია მხოლოდ საქართველო, სომხეთი, ლატვია, ლიეტუვა, მოლდოვა, უკრაინა და ესტონეთი, ხოლო ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან − ისრაელი და ერაყი. ამასთან აშშ-ის ისეთი ტრადიციული მოკავშირეები, როგორებიც არიან ეგვიპტე, საუდის არაბეთი, იორდანია, კატარი და არაბთა გაერთიანებული საამიროები, ასევე არ არიან შესული სამიტზე მიწვეულთა სიაში.
ვაშინგტონი 9-10 დეკემბერს გეგმავს ვიდეოკონფერენციის ჩატარებას, რომელშიც სახელმწიფოთა ლიდერები, უფლებადამცველები და ბიზნესმენები მიიღებენ მონაწილეობას.
სამიტთან დაკავშირებით უკვე გამოთქვეს მოსაზრებები რუსეთში. საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ ორგანიზებული სამიტის მიზანია „ადამიანებისა და ქვეყნების დაყოფა დემოკრატიულებად და არადემოკრატიულებად“. მისი აზრით, ასეთ სამიტზე ქვეყნების მიწვევით აშშ ცდილობს წარმოაჩინოს თავისი მოძრაობის მასობრიობა. ხოლო სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ სამიტს უწოდა „ქიმერა, რომელმაც უნდა აჩვენოს, რომ კოლექტიურ დასავლეთს აქვს კონსტრუქციული, გამაერთიანებელი დღის წესრიგი“.