სვანეთში დაცული უნიკალური სახარების რესტავრაცია დასრულდა

წმინდა საგანძური კვლავ ლახამულის ტაძარს დაუბრუნდა, სადაც მისთვის განკუთვნილ, მიკროკლიმატითა და უსაფრთხოების დაცვით აღჭურვილ სპეციალურ საცავში მოთავსდა.
Sputnik
თბილისი, 23 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში ზემო სვანეთის ლახამულის ხიდის წმინდა გიორგის ეკლესიაში დაცული მე-12 საუკუნის სახარების - ლახამულის ოთხთავის რესტავრაცია დასრულდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მესტიის მუნიციპალიტეტის ლახამულის თემის გადაწყვეტილებით, სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები ეროვნული არქივის დოკუმენტების რესტავრაციის ლაბორატორიაში გასული წლის მაისში დაიწყო. სამუშაოები 18 თვეს გაგრძელდა, რომლის დასრულების შემდეგ XII საუკუნის ხელნაწერი ისევ სოფელ ლახამულაში დაბრუნდა.
რვა საუკუნის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ოთხთავმა სვანეთი დატოვა. უწყების ინფორმაციით, ხელნაწერი სოფელ ლახამულაში საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბუბა ლომუაშვილმა და ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა ჩაიტანეს.
ლახამულის ოთხთავის რესტავრაციისა და კონსერვაციის სამუშაოებზე რამდენიმე რესტავრატორი მუშაობდა. ხელნაწერის ყოველ ფურცელს ჩაუტარდა დეზინფექცია, დარბილდა და გაიწმინდა მშრალი და სველი წესით, შეივსო ნაკლული და დაზიანებული ადგილები. პარალელურად მიმდინარეობდა ხელნაწერის სამეცნიერო შესწავლა და ციფრული ასლის დამზადება.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ეტრატზე შესრულებულ ლახამულის ოთხთავს დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული ოთხთავების გიორგი მთაწმინდელისეული რედაქციის შესწავლისთვის. ამ ხელნაწერს არაერთი მინაწერი ახლავს, რომლებიც უძვირფასეს ცნობებს შეიცავს ლახამულის ხევის სოციალურ-ეკონომიკური, სამართლებრივი და რელიგიური ყოფის შესახებ.