თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. ბათუმის საკრებულოს ახლად არჩეულმა დეპუტატებმა განაცხადეს, რომ სათათბირო ორგანოს ძველ შემადგენლობას 2022 წლის ბიუჯეტის მიღების უფლებას არ მისცემენ.
უფრო ადრე ბათუმის ახალმა მერმა არჩილ ჩიქოვანმა დაუშვა, რომ ქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტი შეიძლება საკრებულოს ძველმა შემადგენლობამ დაამტკიცოს, ხოლო ახალ შემადგენლობას, რომელიც მუშაობას ჯერ არ შედგომია, ექნება შესაძლებლობა გააკონტროლოს და შეიტანოს კორექტივები მომავალი წლის განმავლობაში. ჩიქოვანმა ასევე აღნიშნა, რომ მზადაა საკრებულოსთან თანამშრომლობისთვის, რომელშიც ადგილობრივი არჩევნების შედეგებით ამჟამად ადგილები ხელისუფლებასა და ოპოზიციას თანაბრად აქვთ განაწილებული.
„ზეგ ჩატარდება ვადაგასული საკრებულოს სხდომა, ისინი მიიღებენ 2022 წლის ბიუჯეტს და წავლენ სახლში. ეს ყველაფერი, ვფიქრობ, არის მნიშვნელოვანი დარღვევა... მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას", უარი თქვას ამ უაზრო გადაწყვეტილებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვაპირებთ, რომ ყველა ფორმით ხელი შევუშალოთ ვადაგასული საკრებულოს მიერ 2022 წლის კორუფციული ბიუჯეტის მიღებას", – განაცხადა ბათუმის მერობის ყოფილმა კანდიდატმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გიორგი კირთაძემ.
ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ ბათუმის ბიუჯეტის მიღებას კანონის დარღვევით აპირებს იმ დროს, როდესაც ახალ დეპუტატებს მონაწილეობაც არ მიუღიათ მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის განხილვაში.
ოპოზიციურ პარტია „ლელოში“ აცხადებენ, რომ ისინი „არალეგიტიმური“ საკრებულოს სხდომის ჩატარებას ფიზიკურად შეუშლიან ხელს. ირაკლი კუპრაძის თქმით, ახალარჩეული დეპუტატები მივლენ სხდომაზე და დოკუმენტის მიღებას არ დაუშვებენ.
„ამ ქალაქს კორუფციული ბიუჯეტით ართმევენ განვითარების შესაძლებლობას. ვინაიდან 2017 წელს არჩეული საკრებულო ამტკიცებს 2022 წლის ბიუჯეტს. ამ ყველაფრის გადაბარება შემდეგ უნდათ ოპოზიციაზე. პოლიტიკური პასუხისმგებელობა ეკისრება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, მათ მოუწევთ ყველაფერზე პასუხისგება და ჩვენ ვაპირებთ უკომპრომისო ბრძოლას“, – განაცხადა კუპრაძემ.
ოპოზიციონერი დეპუტატები კოლეგებს მოუწოდებენ, არ ჩამოართვან მომავალი წლის ბიუჯეტის მიღების პრეროგატივა ახლად არჩეულ საკრებულოს.
ოპოზიციის ერთობლივ განცხადებას არ შეუერთდნენ საკრებულოს ახლად არჩეული წევრები ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიიდან „საქართველოსთვის“.
არჩევნების შედეგად საკრებულოს ახალი შემადგენლობა მრავალპარტიულია. კერძოდ, „ქართულმა ოცნებამ“ 35-დან 16 ადგილი მოიპოვა. „ნაციონალურ მოძრაობას“ ახლა 14 მანდატი აქვს, ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ – ორი, „ლელოს“ – ერთი მანდატი. საკრებულოს კიდევ ერთი წევრია გახარიას ყოფილი თანაპარტიელი, რომელმაც პარტია არჩევნების პირველი ტურის შემდეგ დატოვა და „ოცნებას“ შეუერთდა. ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ დღეებში გარდაცვლილი ერთი მაჟორიტარი დეპუტატი გამოაკლდა. ამ მანდატის მოსაპოვებლად შუალედური არჩევნები მაისში გაიმართება.
შესაბამისად, ამჟამად საკრებულოში 34 ადგილიდან „ოცნებას“ და ჯამურად ოპოზიციას 17–17 მანდატი აქვთ.
64 ქალაქისა და რაიონის ახალი საკრებულოები თავიანთ პირველ სხდომას გამართავენ არაუგვიანეს 13 დეკემბრისა, ანუ ცესკოს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან 30 დღის განმავლობაში.