თბილისი, 22 ნოემბერი – Sputnik. წალენჯიხის ახალი მერი გიორგი ხარჩილავა, რომელიც თავისი უფლება-მოვალეობების შესრულებას დღეს შეუდგა, მუნიციპალიტეტში კოალიციურ მთავრობას ჩამოაყალიბებს. ამის შესახებ მან თავის Facebook-გვერდზე დაწერა.
წალენჯიხის საკრებულოში (27 წევრი) 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების შედეგებით მმართველი პარტია „ქართული ოცნებიდან“ 11 წევრი გავიდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ – ასევე 11, სამი ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიიდან „საქართველოსთვის“, ერთი – პარტიიდან „ლელო საქართველოსთვის“ და ერთიც – დამოუკიდებელი დეპუტატი.
„შედგება კოალიციური მთავრობა, რაც ჩვენი წინასაარჩევნო ხედვა იყო. ამასთან, კვირის განმავლობაში გავმართავთ პრეზენტაციებს თვითმმართველობის მუშაობის ხედვებსა და მიმართულებებზე. იქნება მუშაობა ადგილობრივებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან“, – განაცხადა ხარჩილავამ.
ხარჩილავა მერიაში თავის მოადგილესთან თამარ ბელქანიასთან ერთად მივიდა. ისინი წალენჯიხის აწ უკვე ყოფილ მერს ბესიკ ფარცვანიას შეხვდნენ და საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.
ხარჩილავას თქმით, მის გუნდს გააჩნია მკაფიო ხედვა მუნიციპალიტეტის განვითარების მიმართულებების შესახებ.
გიორგი ხარჩილავამ წალენჯიხის მერის არჩევნებზე ხმათა 51,1%-ით გაიმარჯვა. მისი კონკურენტი იყო გიორგი გულორდავა „ქართული ოცნებიდან“ (48,8%).
წალენჯიხა ერთადერთი რაიონია საქართველოში, სადაც მერი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი გახდა.