თბილისი, 22 ნოემბერი – Sputnik. პატრონის მიერ ძაღლის ან კატის მიტოვებაზე ადმინისტრაციული ჯარიმები დაწესდება – საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან შესაბამის ცვლილებებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი დღეს განიხილავს.
საკანონმდებლო ინიციატივა დეპუტატებს პარტია „მოქალაქეებიდან" – ლევან იოსელიანსა და ალეკო ელისაშვილს ეკუთვნის.
„მიუსაფარი და უსახლკარო ცხოველების (ძაღლისა და კატის) რაოდენობის ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი პატრონების მიერ ცხოველების მიტოვებაა. ბოლო პერიოდში გახშირებულია ცხოველების მიტოვება მეპატრონეების მიერ, რომელთაც მათზე ზრუნვისა და მოვლა-პატრონობის ვალდებულება გააჩნიათ, პრევენციული მექანიზმი კი არ არსებობს", – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
ცვლილებების თანახმად, ბედის ანაბარა მიტოვებული ცხოველისთვის ფიზიკური პირი, მისი პატრონი, რომელზეც რეგისტრირებულია ეს ცხოველი, დაჯარიმდება 500 ლარით, ხოლო იურიდიული პირი – 1.500 ლარით.
პატრონის მიერ ძაღლის ან კატის ხელმეორედ მიტოვების შემთხვევაში ჯარიმა ორმაგდება – ფიზიკური პირი 1.000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი ან ინდივიდუალური მეწარმე 3.000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება.