ქართველმა მოჭადრაკე ქალებმა ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვეს

ქართველმა მოჭადრაკეებმა ევროპის გუნდურ პირველობაზე 15 ქულა დააგროვეს და მხოლოდ რუსეთის ნაკრებს ჩამორჩნენ. ინდივიდუალურად საუკეთესო შედეგი ჰქონდათ ნანა ძაგნიძესა და ლელა ჯავახიშვილს.
Sputnik
თბილისი, 22 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები სლოვენიის ქალაქ ჩატეჟში ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე მეორე ადგილზე გავიდა.
ევროპირველობაზე საქართველოს ნაკრების ღირსებას ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი, მერი არაბიძე, სალომე მელია და სოფიო გვეტაძე იცავდნენ. ქართველმა მოჭადრაკეებმა მოწინააღმდეგე ცხრა ნაკრებიდან შვიდი დაამარცხეს, უკრაინას დაუზავდნენ, ხოლო რუსეთის ნაკრებთან დამარცხდნენ.
ქართველმა მოჭადრაკემ FIDE-ს გრან-პრი ყაიმით დაიწყო
ქართველებმა სლოვაკეთის, რუმინეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, პოლონეთის, საბერძნეთისა და საფრანგეთის გუნდებს სძლიეს. ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესო შედეგი რუსებმა დააფიქსირეს (18 ქულა), მეორე ადგილზე საქართველო გავიდა (15 ქულა), ხოლო მესამე ადგილს აზერბაიჯანის ნაკრები დასჯერდა (12 ქულა).
აღსანიშნავია, რომ პირველ დაფაზე ჩატარებულ შვიდ პარტიაში 5,5 ქულით საუკეთესო შედეგი დააფიქსირა საქართველოს ნაკრების ლიდერმა ნანა ძაგნიძემ, მეორე დაფაზე კი ასევე საუკეთესო იყო ლელა ჯავახიშვილი, რომელმაც რვა პარტიაში 6 ქულა დააგროვა.
სლოვენიაში გამართულ ტურნირში მონაწილეობა საქართველოს ვაჟ მოჭადრაკეთა ნაკრებმაც მიიღო. ქართველებმა ჯამში დაგროვებული 10 ქულით (4 მოგება, 2 ფრე, 3 მარცხი) მე-11 ადგილი დაიკავეს, ოქროს მედალს კი 14 ქულით უკრაინის ნაკრები დაეუფლა.