თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. რუსეთში ორაგულის ხიზილალის ფასმა ისტორიული მაქსიმუმი დაამყარა, გადააჭარბა რა 5 ათას რუბლს (დაახლოებით 213 ლარი) ერთ კილოგრამზე, იუწყება „როსსტატი“.
უწყების ინფორმაციით, წითელი ხიზილალის ფასი არასდროს ასულა ამ ნიშნულამდე დაკვირვების მთელი ისტორიის განმავლობაში, ანუ 2000 წლის შემდეგ.
„როსსტატის“ მონაცემებით, ამ ოცი წლის განმავლობაში ხიზილალა 7,4-ჯერ გაძვირდა — 2000 წლის ოქტომბერში ერთი კილოგრამი პროდუქტი სულ რაღაც 675,2 რუბლი (დაახლოებით 28 ლარი) ღირდა.
ისტორიული მაქსიმუმი დელიკატესზე იმის მიუხედავად ფიქსირდება, რომ რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში ორაგულისებრთა მოპოვება საკმაოდ გაიზარდა. ამ ფონზე ვარაუდობდნენ, რომ წითელი ხიზილალის ფასი დაიწევდა, მაგრამ ექსპერტების მოლოდინები არ გამართლდა.
„როსრიბოლოვსტვოში“ ფასების ამგვარ ზრდას სპეკულანტების მიერ მოწყობილ წინასაახალწლო აჟიოტაჟს უკავშირებენ და აცხადებენ, რომ რუსეთს ორაგულის ხიზილალის დეფიციტი არ ემუქრება.