ჯანდაცვის სამინისტრომ ომბუდსმენის მიერ შექმნილ კონსილიუმს სააკაშვილის მონახულება შესთავაზა

სახალხო დამცველი გაითვალისწინებს ჯანდაცვის მინისტრის თხოვნას და პერიოდულად გამოაქვეყნებს ექსპერტთა ჯგუფის მიერ გაკეთებულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს.
Sputnik
თბილისი, 22 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველის ინიციატივით შექმნილი ექიმების ჯგუფი ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის თხოვნით გორის სამხედრო ჰოსპიტალში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მოინახულებს, ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.
სააკაშვილი შიმშილობის 50-ე დღეს, 20 ნოემბრის ღამით გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. რეანიმობილმა, რომლითაც სააკაშვილი გადაჰყავდათ, მთელი გზა ინციდენტების გარეშე გაიარა.

„2021 წლის 22 ნოემბერს სახალხო დამცველს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიმართა და მიხეილ სააკაშვილის კლინიკური მართვის პროცესში კონსულტაციის გაწევისა და ალტერნატიული აზრის მოსმენის მიზნით სახალხო დამცველის მიერ მოწვეულ ექსპერტთა ჩართვა სთხოვა“, – ნათქვამია განცხადებაში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ექსპერტების მიერ შექმნილი ჯგუფი საქმიანობას უცვლელად, თავდაპირველი შემადგენლობით აგრძელებს.
„უნდა აღინიშნოს, რომ პატიმრის ჯანმრთელობის მართვა სახალხო დამცველისა და მის მიერ მოწვეულ ექსპერტთა მანდატს არ მიეკუთვნება. თუმცა სახალხო დამცველი გაითვალისწინებს ჯანდაცვის მინისტრის თხოვნას და ექსპერტთა ჯგუფის დასკვნებსა და რეკომენდაციებს პერიოდულად, სრულფასოვნად გაუზიარებს სამინისტროს ე.წ. მეორე აზრის წარდგენის მიზნით“, – ნათქვამია განცხადებაში.
როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა – ექიმის განცხადება
სახალხო დამცველის ექიმთა ჯგუფის ვიზიტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში უახლოეს მომავალში შედგება.
სააკაშვილი საქართველოში 2013 წლის შემდეგ პირველად დაბრუნდა. მან მალულად გადმოკვეთა საზღვარი 29 სექტემბერს და ის 1 ოქტომბერს დააკავეს. სააკაშვილს ორ სისხლის სამართლის საქმეზე სამშობლოში დაუსწრებლად მისჯილი აქვს ექვსი წლით პატიმრობა. მის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმე განხილვის პროცესშია, მათ შორის საზღვრის უკანონო კვეთის შესახებ. სააკაშვილმა დაკავების დღეს შიმშილობა გამოაცხადა და ის საკუთარ თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს, ხოლო მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებს გაყალბებულს უწოდებს.