ბათუმის მერი ოპოზიციასთან თანამშრომლობისთვის მზადაა

ბათუმის საკრებულო ოთხი პარტიის დეპუტატებითაა დაკომპლექტებული.
Sputnik
თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. ბათუმის ახლადარჩეული მერი არჩილ ჩიქოვანი აცხადებს, რომ მზადაა ითანამშრომლოს საკრებულოში ოპოზიციის წარმომადგენლებთან.
ჩიქოვანი დღეიდან ოფიციალურად შეუდგა უფლებამოსილების აღსრულებას.
„საარჩევნო ვნებათაღელვამ ჩაიარა, ახლა ყველამ უნდა გადავდოთ ჩვენ პოლიტიკური შეხედულებები და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ვითანამშრომლოთ ყველა იმ აუცილებელი პროექტის განსახორციელებლად, რომელსაც ელოდება ბათუმის მოსახლეობა. დარწმუნებული ვარ, რომ ამას მოვახერხებთ“, – განაცხადა ჩიქოვანმა „პირველ არხზე“.
ახლადარჩეული მერი დარწმუნებულია, რომ საკრებულოში ყველა პარტიის წარმომადგენელთან კონსტრუქციულ მუშაობას შეძლებს.
ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი გარდაიცვალა
ბათუმის მერი არ გამორიცხავს, რომ ქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტი საკრებულოს ძველმა შემადგენლობამ დაამტკიცოს, ახალ შემადგენლობას კი მომავალი ერთი წლის განმავლობაში მიეცემა შესაძლებლობა განახორციელოს ბიუჯეტის კონტროლი და კორექტირება.
არჩილ ჩიქოვანი მერად არჩევამდე ბათუმის მერის მოვალეობას ასრულებდა მისი წინამორბედის ლაშა კომახიძის გადადგომის შემდეგ.
ჩიქოვანმა თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა ხმების 51,02% მოიპოვა (პირველ ტურში 41,08%), მისმა ძირითადმა კონკურენტმა გიორგი კირთაძემ კი 48,98% (პირველ ტურში 41,97%).
რაც შეეხება საკრებულოს შემადგენლობას, იგი მრავალპარტიულია. კერძოდ, „ქართულმა ოცნებამ“ 35-დან 16 ადგილი მოიპოვა. „ნაციონალურ მოძრაობას“ ახლა 14 მანდატი აქვს, ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ – ორი, „ლელოს“ – ერთი მანდატი. საკრებულოს კიდევ ერთი წევრია გახარიას ყოფილი თანაპარტიელი, რომელმაც პარტია არჩევნების პირველ ტურის შემდეგ დატოვა და „ოცნებას“ შეუერთდა. ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ დღეებში გარდაცვლილი ერთი მაჟორიტარი დეპუტატი გამოაკლდა. ამ მანდატის მოსაპოვებლად არჩევნები მაისში გაიმართება.
შესაბამისად, ამჟამად საკრებულოში 34 ადგილიდან „ოცნებას“ და ჯამურად ოპოზიციას 17–17 მანდატი აქვთ.