მსოფლიო დღეს

აშშ საცავს ხსნის – ბაიდენი მზადაა ნავთობი სტრატეგიული რეზერვებიდან გაყიდოს

ნავთობის ფასის შემცირების მიზნით აშშ რამდენიმე ქვეყანასთან ერთად მოქმედებისთვის ემზადება.
Sputnik
თბილისი, 22 ნოემბერი – Sputnik. საწვავის ფასის შესამცირებლად აშშ-ის ნავთობის სტრატეგიული რეზერვებიდან სასაქონლო ინტერვენცია შეიძლება სამშაბათს დაიწყოს, იუწყება სააგენტო Bloomberg.
თბილისის დროით 20:25 საათის მდგომარეობით, NISE-ზე იანვრის ფიუჩერსების ფასი Brent მარკის ერთ ბარელ ნავთობზე 1,23%-ით გაიზარდა 79,86 დოლარამდე. WTI-ზე იანვრის ფიუჩერსების ფასი ერთ ბარელ ნავთობზე 1,25%-ით გაიზარდა 76,89 დოლარამდე. დღისით ნავთობის ფასები მთლიანობაში სტაბილური იყო და სუსტ დინამიკას აჩვენებდა.

„პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აპირებს უკვე სამშაბათს გამოაცხადოს რამდენიმე ქვეყანასთან კოორდინაციით ბაზარზე ნაციონალური სტრატეგიული რეზერვებიდან ნავთობის გამოტანის შესახებ“, – იუწყება სააგენტო რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით.

აშშ-ს ანალოგიური ქმედებით შესაძლოა მხარი დაუჭირონ ინდოეთმა, იაპონიამ და სამხრეთ კორეამ, დასძენს სააგენტო, რაც, მისი აზრით, შეიძლება გახდეს „ნავთობის მსხვილი მომხმარებლების უპრეცედენტო ძალისხმევა ენერგომატარებლების გაძვირების შესაჩერებლად“.
მოსაზრება: ახალი სანავთობე ციებ-ცხელება - რამდენს იშოვის რუსეთი
სააგენტოს ანალიტიკოსების აზრით, საპასუხოდ OPEC+-მა შესაძლოა შეცვალოს გარიგებასთან დაკავშირებული გეგმა, თუ მომხმარებლები თავისი სტრატეგიული რეზერვების გამოყენებას დაიწყებენ.
OPEC+-მა გასული წლის მაისში შეამცირა მოპოვება 9,7 მილიონი ბარელით დღე-ღამეში ნავთობზე მოთხოვნის შემცირების გამო, რაც კორონავირუსის პანდემიით იყო გამოწვეული. ამჟამად ალიანსი ყოველთვიურად მოიპოვებს დღეში 400 ათასი ბარელით მეტს და გეგმაში აქვს 2022 წლის სექტემბრის ბოლოსთვის თანდათანობით გამოვიდეს შეთანხმებიდან, რომელიც წარმოებას უზღუდავს.