თბილისი, 21 ნოემბერი – Sputnik. სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა პატიმრების და მათი პატიმრობის პირობების შესახებ 2021 წლის 1 ოქტომბრისთვის ახალი ოფიციალური მონაცემები გამოაქვეყნა.
ბოლო მონაცემებით, მსჯავრდებულების საერთო რიცხვმა ქვეყნის მოსახლეობის საერთო რაოდენობის 0,25% შეადგინა.
1 ოქტომბრისთვის საქართველოს პენიტენციური დეპარტამენტის დაწესებულებებში განთავსებული იყო სულ 9.387 პირი, მათ შორის ბრალდებული - 2.080, ხოლო მსჯავრდებული - 7.307. ისინი სასჯელს 10 ციხესა და ციხის კლინიკაში იხდიან.
პატიმართა საერთო რიცხვიდან 4.707 დაოჯახებულია.
პატიმართა ძირითადი ნაწილია - 26-დან 49 წლამდე ასაკის მამაკაცებია. გარდა ამისა, საქართველოს ციხეებში სასჯელს 70 წელს ზემოთ ასაკის 78 პირი იხდის.
ოფიციალური მონაცემებით, ყველა პატიმრისთვის ყოველთვიურად ტარდება კულტურული და სპორტული ღონისძიებები, რომლებშიც მონაწილეობას იღებენ როგორც სრულწლოვანი, ისე არასრულწლოვანი პატიმრები.
გარდა ამისა, პატიმრებს მუშაობის, საშუალო და უმაღლესი განათლების მიღების უფლება აქვთ. საერთო ჯამში, 40 პატიმარი აგრძელებს სწავლას საქართველოს სკოლებში, ხოლო კიდევ 30 ადამიანი, მიუხედავად სასჯელის მოხდისა, იღებს უმაღლეს განათლებას.
1 ოქტომბრის მონაცემებით, 409 პატიმარი მუშაობს ციხის მეურნეობებში, 48 ადამიანი ინდივიდუალური საქმიანობით არის დაკავებული, 161 კი საწარმოებში მუშაობს. თავიანთი სამუშაოსთვის პატიმრები იღებენ ყოველთვიურ ხელფასს, რომელიც შეუძლიათ გადასცენ ოჯახს ან დახარჯონ ციხის მაღაზიებში.