თბილისი, 21 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წევრის, ექიმ ელენე გიორგაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
პარასკევს, შიმშილობის 50-ე დღეს სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოდან ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესების შემდეგ გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. შაბათიდან ექს-პრეზიდენტმა ელენე გიორგაძის მიერ მკაცრად გაწერილი სქემით სპეციალური საკვების მიღება დაიწყო.
როგორც გიორგაძემ აღნიშნა, მთელი დღის განმავლობაში ჰოსპიტალში იმყოფებოდა და სააკაშვილის მდგომარეობას აკვირდებოდა.
„როდესაც ადამიანი წყვეტს შიმშილობას, პირველი სამი დღე ითვლება კრიტიკულად. მერე ორი დღე არის საყურადღებო. დღეს მეორე დღეა, რაც მიხეილ სააკაშვილმა შეწყვიტა შიმშილობა. ეს დღე გავიარეთ მშვიდად. მისი მდგომარეობა არის სტაბილური. გუშინ ჰქონდა წნევები. დღეს წნევა ჰქონდა სტაბილური, არც ერთხელ არ დაგვჭირდა არანაირი პრეპარატის დამატება“, - განაცხადა ელენე გიორგაძემ.
გიორგაძის თქმით, პაციენტს გართულებები არ აქვს და კონსილიუმის წევრები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ექს-პრეზიდენტს გართულება არ ჰქონდეს.
მისი თქმით, ექს-პრეზიდენტს ექიმების მიმართ ძალიან კარგი დამოკიდებულება აქვს და ის ასრულებს ყველა რეკომენდაციას.
„პირველივე დღიდან ექიმების მიმართ პაციენტის დამოკიდებულება არის არაჩვეულებრივი, ძალიან დიდი პატივისცემით არის და ნამდვილად მასთან არც ერთხელ არ გამჭირვებია კომუნიკაცია“, - განაცხადა გიორგაძემ.
მისი თქმით, რაც შეეხება ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის სხვა დეტალურ ასპექტებს, ამის შესახებ საუბრის უფლება მხოლოდ მის პირად ექიმს აქვს, რომელიც ასევე პაციენტთან იმყოფება.
თავის მხრივ, რეანიმატოლოგ ინეზა სულამანიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ლაბორატორიული პარამეტრები გაუმჯობესებულია და დაკვირვება გრძელდება.
სააკაშვილმა შიმშილობა დაკავების დღეს, 1 ოქტომბერს გამოაცხადა. ის თავს პოლიტპატიმარს უწოდებს, ხოლო ბრალდებებს – გაყალბებულს. ექს–პრეზიდენტის ადვოკატები და პირადი ექიმი დიდი ხანია მოითხოვდნენ სააკაშვილის მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას.