თბილისი, 21 ნოემბერი - Sputnik. ისრაელში სამშაბათს 5-დან 11 წლამდე ბავშვების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია დაიწყება - ბავშვებისთვის ვაქცინები უკვე ჩაიტანეს ქვეყანაში, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა.
„ისრაელში საბავშვო ვაქცინის ბევრი დოზა ჩამოიტანეს, თანაც ძალიან დიდი მოცულობით. აღსანიშნავია, რომ ეს ვაქცინა ადაპტირებულია სწორედ ბავშვებისთვის და მისი ერთი დოზა ზრდასრულის დოზის მესამედს შეადგენს. ვაქცინაცია უკვე ჩაუტარდა მილიონობით ბავშვს მთელ მსოფლიოში, ძირითადად აშშ-ში. ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია ჩვენი შვილების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად“, - განაცხადა ბენეტმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის გახსნისას.
პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ მისი ვაჟი დავიდი იქნება ერთ-ერთი პირველი, ვინც ვაქცინას გაიკეთებს და იმედი გამოთქვა, რომ „ისრაელში ყველა მშობელი და, რა თქმა უნდა, მინისტრები, რომლებსაც შესაბამისი ასაკის შვილები ან შვილიშვილები ჰყავთ, იგივეს გააკეთებენ".
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელმა დაამტკიცა 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.
აშშ-ის სამედიცინო მარეგულირებელმა (CDC) ოფიციალურად დაამტკიცა Pfizer-ის ვაქცინის გამოყენება 5-11 წლის ბავშვებისთვის. მანამდე ვაქცინის გამოყენება დაამტკიცა სხვა მარეგულირებელმა - FDA-მ.
COVID-19-ის წინააღმდეგ მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია ისრაელში გასული წლის 20 დეკემბერს დაიწყო. ქვეყნის მოქალაქეები Pfizer-ის ვაქცინით იცრებიან. 10 იანვრიდან კი მეორე დოზის ადმინისტრირება დაიწყო. ისრაელში 12-15 წლის მოზარდების ვაქცინაცია ივნისის დასაწყისში დაიწყო. დღეისათვის ვაქცინის ორი დოზით აცრილია 5,7 მილიონზე მეტი მოქალაქე, ხოლო სამი დოზით - 4 მილიონზე მეტი. ქვეყნის მოსახლეობა 9.432.860 ადამიანს შეადგენს (2021 წლის მონაცემები).