COVID-19 - ბოლო ცნობები

ჩხაიძე: ბავშვებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები გაორმაგებულია

გასულ წელთან შედარებით ბავშვებში ინფიცირების შემთხვევებმა მკვეთრად მოიმატა, პანდემიასთან ბრძოლისთვის კი ბავშვების ვაქცინაცია ძალიან მნიშვნელოვანია, აღნიშნა ჩხაიძემ.
Sputnik
თბილისი, 21 ნოემბერი - Sputnik. ბავშვებში ვაქცინაციის ტემპმა მოიმატა, თუმცა საჭიროა უფრო მეტად გააქტიურება, განაცხადა იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.
ჩხაიძის თქმით, ბოლო დროს მნიშვნელოვნად მოიმატა ბავშვებში ინფიცირების მაჩვენებელმა და გასულ წელთან შედარებით ორჯერ მეტი შემთხვევა ფიქსირდება.

„ბავშვებში მნიშვნელოვნად მოიმატა ინფიცირების მაჩვენებელმა. თუ 2020 წელს 10%-ს შეადგენდა ინფიცირებულთა რაოდენობის, ახლა ორჯერ მეტია და, სექტემბრის მონაცემით, 20,4%-ს შეადგენს“, - განაცხადა ჩხაიძემ.

როგორც ჩხაიძე განმარტავს, პანდემიასთან ბრძოლის კუთხით ბავშვების ვაქცინაცია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია.
„საქართველოში ბავშვების ვაქცინაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჯერჯერობით საქართველოში ეს პროცესი ძალიან აქტიური არ არის, თუმცა ყოველდღიურად არის მზარდი მაჩვენებელი. თუ იაშვილში პირველი დღეების განმავლობაში ერთი-ორი ბავშვი მოგვმართავდა ვაქცინაციისვის, ბოლო დღეებში 8-10 ბავშვი იტარებს ვაქცინაციას“, - განაცხადა ჩხაიძემ.
COVID-19 - ბოლო ცნობები
ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში ერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.357-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 812.246-ს მიაღწია. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 76 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 11.498 შეადგინა.
მასობრივი ვაქცინაცია საქართველოში 5 ივლისს დაიწყო. ვაქცინაციის პორტალზე 12–15 წლის ასაკის ბავშვების რეგისტრაციის სერვისი უკვე ამოქმედდა. მოზარდების აცრა Pfizer-ის ვაქცინით არის შესაძლებელი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.