COVID-19 - ბოლო ცნობები

ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში ერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში მყოფი პაციენტების დიდი ნაწილი აუცრელია
Sputnik
თბილისი, 21 ნოემბერი - Sputnik. ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში 122 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, აქედან 20 ინტენსიური თერაპიის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, განაცხადა კლინიკის ექიმმა დავით რეხვიაშვილმა.
მისი თქმით, კლინიკაში მოთავსებული პაციენტებიდან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.
„მას თანმხლები დაავადებები არ აღენიშნებოდა, ის ტრანსპორტირებული არის ბათუმიდან, უკვე მძიმე მდგომარეობაში და მას აღენიშნება ფილტვის დაზიანება. დანარჩენის მდგომარეობა ფასდება საშუალო სიმძიმით“, - აღნიშნა რეხვიაშვილმა.
ექიმმა ასევე ვაქცინაციის მაჩვენებელზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კლინიკაში მოთავსებული პაციენტებიდან მხოლოდ ცხრა მათგანის მშობელია აცრილი. მან მოსახლეობას და მშობლებს ვაქცინაციისკენ მოუწოდა.
COVID-19 - ბოლო ცნობები
კოვიდ-სტატისტიკა საქართველოს რეგიონების მიხედვით
„უნდა აიცრას როგორც მშობელი, ასევე ის ადამიანი, რომელიც კონტაქტობს ბავშვთან, რომ შევამციროთ რისკი კოვიდ-ინფიცირების. ასევე, მნიშვნელოვანია 12 წლის ზემოთ ბავშვები იყვნენ ვაქცინირებულები“, - განაცხადა რეხვიაშვილმა.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.357-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 812.246-ს მიაღწია. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 76 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 11.498 შეადგინა.
მასობრივი ვაქცინაცია საქართველოში 5 ივლისს დაიწყო. ვაქცინაციის პორტალზე 12–15 წლის ასაკის ბავშვების რეგისტრაციის სერვისი უკვე ამოქმედდა. მოზარდების აცრა Pfizer-ის ვაქცინით არის შესაძლებელი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.