თბილისი, 20 ნოემბერი - Sputnik. რამდენიმე ასეულმა ადამიანმა რუსთაველის გამზირზე მსვლელობით გააპროტესტა ვაქცინაცია და კოვიდ-პასპორტების შემოღება.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შედეგად ყოველდღიურად 70-80 ადამიანი იღუპება. ეპიდემიის შესაჩერებლად, რომელსაც უკვე 11.422 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, საქართველოს ხელისუფლებამ მოქალაქეების მობილურობის შემცირება და კოვიდ-პასპორტების შემოღება გადაწყვიტა. საზოგადოებრივი ადგილების მონახულება, გარდა სამთავრობო უწყებების, სკოლების, უნივერსიტეტების, მაღაზიებისა და ბაზრებისა, მხოლოდ კოვიდ-პასპორტებით იქნება შესაძლებელი. COVID-ის პასპორტი გაიცემა მხოლოდ მათზე, ვინც აცრილია, გადაიტანა კორონავირუსი ან გაიკეთა PCR-ტესტი.
აქციის მონაწილეებმა, რომლის ლოზუნგი იყო „არა მწვანე პასპორტს“, პარლამენტის შენობასთან წინ არსებული ტერიტორია გადაკეტეს. როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მიშა ქურდაძემ განაცხადა, აქციის მთავარი ამოცანაა, ადამიანებს უარი ათქმევინონ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრაზე.
„ჩვენ ვუსამძიმრებთ კორონავირუსით დაღუპულებს, მაგრამ ვფიქრობთ, რომ მანიპულირება ხდება და გაბერილი ციფრებით გვატყუებენ“, - განაცხადა ქურდაძემ.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 808.889 შემთხვევა დაფიქსირდა.