თბილისი, 20 ნოემბერი – Sputnik. მცხეთის რაიონში პურის და ფუნთუშეულის პირველი სამრეწველო საწარმო „ფუდ ალიანსი“ გაიხსნა. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
სამრეწველოს გახსნას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი დაესწრნენ.
„ეს არის პირველი სამრეწველო წარმოება პურის და ფუნთუშეულის იმ ასორტიმენტის, რომელიც საქართველოში მხოლოდ იმპორტირებული იყო და არა ადგილობრივი. ახალი საწარმოს პროდუქცია ჩაანაცვლებს იმპორტს. სამომავლოდ დაგეგმილია ექსპორტის განხორციელებაც“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, საწარმოში ნახევარფაბრიკატები ევროპული ტექნოლოგიების გამოყენებით მზადდება. ამასთან, საწარმო სრულად არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნიკით, დანერგილია სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტები.
„ახალი საწარმოს შესაქმნელად 11 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა და 100-მდე ადამიანი, მათ შორის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იძულებით გადაადგილებულები დასაქმდნენ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ამასთან, როგორც საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლამ განაცხადა, ეს ინვესტიცია კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს თანამშრომლობას საქართველოსა და საფრანგეთს შორის.
„ფუდ ალიანსმა“ თანამედროვე მაღალტექნოლოგიური საწარმოს მოსაწყობად 11 მლნ. ლარის ინვესტიცია განახორციელა, მათ შორის 1.5 მლნ. ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია. საწარმოს შექმნა მხარდაჭერილია „აწარმოე საქართველოს“, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და დანიის დევნილთა საბჭოს მიერ.
კომპანია „ფუდ ალიანსი“ აგროინდუსტრიული ჯგუფის წევრი კომპანიაა, რომელიც 2019 წელს, ქართველი, ფრანგი და ჰოლანდიელი პარტნიორების მიერ შეიქმნა და პროექტებს სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს.