თბილისი, 20 ნოემბერი - Sputnik. სომეხმა მებაჟეებმა სადახლო-ბაგრატაშენის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე სამედიცინო ნიღბების საფარქვეშ ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის კონტრაბანდული გადატანის მცდელობა გამოავლინეს, იუწყება Sputnik-სომხეთი.
გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამრღვევებმა გადასახადების დაზოგვა სცადეს. მათ საქონელი ყირგიზეთში რეგისტრირებული სატვირთო მანქანით გადაჰქონდათ. საქართველოს გავლით კერძო მეწარმისგან იგეგმებოდა ტვირთის მიწოდება სომხეთში არსებული ორი კომპანიისთვის.
შემოწმებისას სომეხ მებაჟეებს ეჭვი გაუჩნდათ. მათ სატვირთო მანქანა დაათვალიერეს და დაადგინეს, რომ საქონელი არ შეესაბამება დეკლარაციას. კერძოდ, დოკუმენტებში მითითებული იყო 14 ტონა სხვადასხვა სახის სამედიცინო ნიღაბი. ხოლო მანქანაში იყო 10 ტონა ახალი ტანსაცმელი, 600 კგ ფეხსაცმელი, 18 კგ რეზინის ხელთათმანები და 2 ტონა სამედიცინო ნიღაბი.
ამის შემდეგ საფუძვლიანად შემოწმდა კიდევ ერთი მანქანა, რომელიც ყირგიზეთიდან ჩამოვიდა იმავე მიმღების საქონლით. ამ შემთხვევაში 12 ტონა ტვირთიდან პირბადეები მხოლოდ 3,5 ტონა აღმოჩნდა. გარდა ამისა, ავტომობილში აღმოჩნდა 7 ტონა ტანსაცმელი და 500 კგ ფეხსაცმელი.
რამდენიმე დღის შემდეგ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე მსგავსი დარღვევის კიდევ ერთი მცდელობა გამოვლინდა. სატვირთო მანქანაში კვლავ ტანსაცმელი და ფეხსაცმელი აღმოჩნდა.
შესაბამისი უწყებები აღნიშნულ საქმეზე მასალებს ამზადებენ.