რაგბი: საქართველოს ნაკრები ფიჯის ტესტ-მატჩში დაუზავდა

ეს საქართველოს და ფიჯის ნაკრებების დაპირისპირების ისტორიაში მეექვსე მატჩი იყო. ამ დროისთვის მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს ფიჯის, რომელიც ლიდერობს ანგარიშით 4:1.
Sputnik
თბილისი, 20 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ფიჯისთან შეხვედრა ფრედ 15:15 დაასრულა. ტესტ-მატჩი მადრიდის გარეუბანში გაიმართა.
ლევან მაისაშვილის შეგირდებმა ვერცერთი ლელო ვერ დაუდეს კუნძულელებს, ხოლო საჯარიმო დარტყმებში ყველა ქულა თედო აბჟანდაძემ გამოიმუშავა.
შეხვედრის პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა ანგარიშით 9:5 მოიგო. „მფრინავმა ფიჯელებმა“ აბჟანდაძის სამ საჯარიმო დარტყმას უპასუხეს ტუიმაბას ლელოთი, რომელსაც გარდასახვა არ მოჰყოლია.
შეხვედრის მეორე ნახევარი კუნძულელებმა უფრო აქტიურად დაიწყეს და ვოლავოლას მიერ შესრულებული წარმატებული საჯარიმო დარტყმის შემდეგ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს. თუმცა, ტაიმის შუა ნაწილამდე „ბორჯღალოსნები” იგებდნენ. აბჟანდაძის ორი ზუსტი დარტყმა და ანგარიში უკვე 15:8 გახდა.
მაგრამ ბოლო სიტყვა ფიჯის დარჩა. მატამ ლელო დაამიწა და იმავე ვოლავოლამ ზუსტად შეასრულა გარდასახვა. ფინალური ფრე 15:15.
ეს მატჩი მეექვსე იყო საქართველოსა და ფიჯის ნაკრებების დაპირისპირების ისტორიაში. ამ დროისთვის, კუნძულელები ლიდერობენ ანგარიშით 4:1.