თბილისი, 20 ნოემბერი - Sputnik. მარნეულში იმ მოქალაქეებს, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრება, იუსტიციის სახლები ნებისმიერ მომსახურებას სრულიად უფასოდ გაუწევენ, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
მარნეულში ვაქცინაციის წამახალისებელი აქტივობები დაიწყო. კამპანიის ფარგლებში მოქალაქეებისთვის საჩუქრებია გათვალისწინებული და იმართება გასართობი ღონისძიებები.
აღნიშნული კამპანია დადებითად შეაფასა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ, რომელიც ასევე მარნეულში იმყოფებოდა.
„პროცენტულად რომ ვიანგარიშოთ, მოქალაქეების ყველაზე დაბალი პროცენტი ამ რაიონშია აცრილი. ძალიან ბევრ პენსიონერს ვხედავ. ათეულობით ადამიანი აიცრა, ძალიან ბევრი ელოდება თავის რიგს. პრინციპში ძალიან კმაყოფილი ვართ“, - აღნიშნა იმნაძემ.
ვაქცინაციის მსურველ პირებს დამატებით წახალისებას სთავაზობს იუსტიციის სამინისტროც. მობილური იუსტიციის სახლები მათ ნებისმიერ მომსახურებას სრულიად უფასოდ გაუწევენ.
„თითოეულ აცრილ მოქალაქეს ადგილზევე, მობილური იუსტიციის სახლების მეშვეობით ვთავაზობთ ნებისმიერ მომსახურებას სრულიად უფასოდ და იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს იქნება დამატებითი წახალისება ვაქცინაციის მსურველ პირთათვის, ამ წუთისათვის ყველაზე მოთხოვნადი მომსახურებაა პირადობის მოწმობა და პასპორტი“, - განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ ტყეშელაშვილმა.
დადებითად აფასებენ წამახალისებელ აქციებს ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი და პარლამენტის მარნეული-გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი ზაურ დარგალიც, რომლებიც ასევე ესწრებიან ვაქცინაციის წამახალისებელ კამპანიას.
საქართველოში ვაქცინირებული პირებისთვის 1 დეკემბრიდან „მწვანე პასპორტების" კონცეფცია ამოქმედდება. „მწვანე პასპორტის" მოთხოვნა იმოქმედებს 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის, ასევე ტურისტებისთვის. 1 დეკემბრიდან მოქალაქეები სხვადასხვა ობიექტებში - კვების ობიექტები, რესტორნები, კაფე-ბარები, კინოთეატრები, ოპერა, მუზეუმები, საკონცერტო დარბაზები, გასართობი ცენტრები, სამორინეები და სათამაშო ბიზნესის ობიექტები, სპა-ცენტრები, ფიტნეს-დარბაზები, სასტუმროები - მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტით" შეძლებენ შესვლას.
20 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში ჩატარებულია 2.090.036 აცრა. 19 ნოემბერის მონაცემებით, სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია ზრდასრული მოსახლეობის 34,3%.