თბილისი, 20 ნოემბერი – Sputnik. შემოქმედის ეპარქიის მღვდელმსახური, ჯუმათის მთავარანგელოზთა სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მიქაელ მიგინეიშვილი 60 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას „მსოფლიო საეკლესიო სიახლენი“ ავრცელებს.
მღვდელმსახური წლების განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა ეკლესია-მონასტერში მსახურობდა, ბოლო 24 წლის განმავლობაში კი ჯუმათის მამათა მონასტრის წინამძღვარი იყო.
„მსოფლიო საეკლესიო სიახლენი“ მწუხარებას გამოთქვამს არქიმანდრიტ მიქაელის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ჯუმათის მამათა მონასტრის საძმოსა და მრევლს“, - ნათქვამია სამძიმრის წერილში.
არქიმანდრიტ მიქაელს სამშაბათს, 23 ნოემბერს დაკრძალავენ.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.318-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 808.889-ს მიაღწია.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 70 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 11.422-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.