გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება

მანამდე ცნობილი იყო, რომ გრიპზე ვაქცინაცია უფასო მხოლოდ გარკვეული კატეგორიის პირთათვის იქნებოდა
Sputnik
თბილისი, 20 ნოემბერი - Sputnik. სახელმწიფოს მიერ შეძენილი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 8 ოქტომბერს დაიწყო. გარკვეული გამონაკლისების გარდა, მისი გაკეთება ნებაყოფლობითია.
გამყრელიძის ინფორმაციით, წელს სახელმწიფომ ჯამში 200 ათაასი დოზა ფრანგული წარმოების, გრიპის საწინააღმდეგო ოთხკომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა.
გამყრელიძის ინფორმაციით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა პირველ რიგში გამოიყენება რისკჯგუფებზე, ესენი არიან ხანდაზმული ადამიანები, დიალიზზე მყოფები, შიდსით ინფიცირებულები, ჰეპატიტით დაავადებულები, ასევე ჯანდაცვის სფეროს მუშაკები, მასწავლებლები და ა. შ.
„ხვალ იქნება ბრძანება, რომ ყველას შეუზღუდავად, არამარტო რისკჯგუფებს, არამედ ყველას შეეძლოს, ჩაიტაროს აცრა. სასურველია, დეკემბრის თხუთმეტამდე ყველა ავიცრათ“, - განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში გრიპის ვირუსი ჯერ არ ცირკულირებს, თუმცა ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში გამოჩნდება. ამიტომ მან ყველას ვაქცინაციისკენ მოუწოდა.
მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე აცრილია 90 ათასი ადამიანი, 100-110 ათასი დოზა კიდევ არის ქსელში.
სპეციალისტების განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან ერთად სეზონური გრიპის აცრის ჩატარებას არავითარი შეზღუდვა არ აქვს.
COVID-19 - ბოლო ცნობები
ჩხაიძე: გრიპის ვაქცინა კორონავირუსისგანაც დაგიცავთ
ნოემბრის დასაწყისში განისაზღვრა სავალდებულო ვაქცინაციას დაქვემდებარებული პირები.
ესაა სამედიცინო პერსონალი, ასევე სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული სხვა პერსონალი, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ პაციენტებთან, ფრინველებთან მომუშავე პერსონალი, მეცხოველეობაში დასაქმებულები/ფერმების თანამშრომლები, მონადირეები, ვეტერინარები, ადრეული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების მომსახურე კონტინგენტი, საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში წამსვლელი სამხედრო მოსამსახურეები, სამხედრო სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები, პენიტენციურ დაწესებულებაში მომუშავე პერსონალი.
გრიპის სეზონი საქართველოში, ჩვეულებრივ, ნოემბერში იწყება და პიკს დეკემბერ–იანვარში აღწევს. გრიპის ვირუსისგან თავის დაცვის პრევენციული ზომები ისეთივეა, როგორიც კორონავირუსისგან დაცვისას: ხელების ხშირი დაბანა, სოციალური დისტანცია, პირბადის ტარება.
გრიპის ვაქცინასთან დაკავშირებულ თაღლითობას ჯანდაცვის უწყება შეისწავლის
საქართველოში ყველაზე ხშირად გრიპის B ტიპის ვირუსი ფიქსირდება, რომელიც ხასიათდება კლინიკურად შედარებით მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მიმდინარეობით. ასევე გვხვდება A ტიპის – H3 და H1 ვირუსები, აგრეთვე რინოვირუსები.
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პოპულარიზაცია საქართველოს მოსახლეობაში 2014–2015 წლებში დაიწყო. სპეციალისტების აზრით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არის გრიპის პრევენციის და მისგან გამოწვეული მძიმე შედეგების ყველაზე ეფექტური საშუალება.