თბილისი, 20 ნოემბერი - Sputnik. აზერბაიჯანი 15 დეკემბერს ბრიუსელში სომხეთთან უმაღლესი დონის სამიტზე დათანხმდა, იტყობინება РИА Новости.
„აზერბაიჯანული მხარე ყოველთვის ღიაა პოლიტიკური დიალოგისთვის და მიესალმება მსგავს კონტაქტებს. <...> აზერბაიჯანის პოზიცია პოსტკონფლიქტური პერიოდის რეალობის კონტექსტში არაერთხელ გამოთქვა ჩვენი სახელმწიფოს მეთაურმა. <...> მიგვაჩნია, რომ ბრიუსელის სამიტი და ამ ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრა შექმნის დამატებით შესაძლებლობებს“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში სამიტის გამართვის იდეა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა წამოაყენა. გუშინ მას ჰქონდა სატელეფონო საუბარი, რომელშიც აზერბაიჯანის ლიდერი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანიც მონაწილეობდნენ.
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ვაჰან უნანიანმა ასევე დაადასტურა სომხური მხარის მზადყოფნა, მონაწილეობა მიიღოს სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების შეხვედრაში.
„სომხური მხარე შეხვედრისთვის მზად არის“, - განუცხადა უნანიანმა РИА Новости-ს.
სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა უმისამართო ცეცხლი გახსნეს საზღვრის ჩრდილოეთ მონაკვეთზე და ქილისალის მთის მიდამოებში შეიჭრნენ ქვეყნის ტერიტორიაზე. სომხური მხარის ცნობით, შეტაკებისას დაიღუპა ექვსი სომეხი სამხედრო, 13 ტყვედაა აყვანილი. თავის მხრივ, ბაქოში აცხადებენ, რომ სომხეთთან საზღვარზე ბრძოლებში შვიდი აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა. არსებული ცნობით, ამ დროისათვის ადგილზე მშვიდი ვითარებაა.
რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ტელეფონით ესაუბრა აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებს და განუცხადა მათ, რომ მოსკოვი მზადაა დაეხმაროს მათ ვითარების დასტაბილურებაში. როგორც რუსული უწყება აცხადებს, სწორედ ამ საუბრის შემდეგ შეწყდა ბრძოლები სომხეთი–აზერბაიჯანის საზღვარზე.
ბაქოსა და ერევანს შორის ურთიერთობები კვლავ ძალიან დაძაბულია, პირველ რიგში მთიანი ყარაბაღის ირგვლივ შექმნილი სიტუაციის გამო. გასულ შემოდგომაზე სამხედრო დაპირისპირების მორიგი ეტაპი დასრულდა აზერბაიჯანისთვის მომგებიანი შეთანხმების გაფორმებით: სომხეთმა დაუბრუნა ქელბაჯარის, ლაჩინის და აღდამის რაიონები; რეგიონში რუსი სამშვიდობოები განლაგდნენ.
ივლისის ბოლოს საზღვარზე განახლდა შეტაკებები და გავრცელდა ინფორმაცია დაღუპულებისა და დაჭრილების შესახებ. სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთმანეთი ცეცხლის შეწყვეტის დარღვევაში დაადანაშაულეს, თუმცა მოგვიანებით, რუსი სამშვიდობოების შუამავლობით, დაზავებაზე შეთანხმდნენ. მიუხედავად ამისა, დაბომბვები გრძელდება.