თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ყველა უფლებამოსილ პირს მოუწოდებს, მიიღონ აუცილებელი ზომები საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის, სიცოცხლის, მისი პატივის, ღირსებისა და უსაფრთხოების დასაცავად, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტს. სისხლის სამართლის საქმე „არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის“ მუხლით ექს-პრეზიდენტის ადვოკატების განცხადების საფუძველზე აღიძრა. ადვოკატების მტკიცებით, მათი დაცვის ქვეშ მყოფ პირს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და დაამცირეს რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში ეტაპირების დროს.
„2021 წლის 11 ნოემბერს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვის შემდეგ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა წერილობით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიხეილ სააკაშვილის ისეთ პირობებში განთავსების თაობაზე, სადაც უზრუნველყოფილი იქნებოდა მისი ჯანმრთელობის, პატივის, ღირსებისა და უსაფრთხოების დაცვა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა იუსტიციის სამინისტროს მიმართა მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობით არ არის აღჭურვილი სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის ბრალდებულის/მსჯავრდებულის ერთი პენიტენციური დაწესებულებიდან სხვა დაწესებულებაში (მათ შორის, სამკურნალო დაწესებულებაში) გადაყვანის იმპერატიული მოთხოვნის უფლებით.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ უწყებას არ გააჩნია „პატიმრობაში მყოფი ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაცვის ქმედითი საკანონმდებლო ბერკეტი“. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა საჯარო მოხელეთა მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულებზე მოწმეთა დაცვის ეფექტიანი სისტემის შექმნა და მისი საკანონმდებლო რეგულირება.
სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი დღით ადრე, 29 სექტემბერს არალეგალურად დაბრუნდა. სამშობლოში ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, რომლებსაც სააკაშვილი პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს. იგი პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან, 1 ოქტომბრიდან შიმშილობს. მისი ადვოკატები, პირადი ექიმი და მხარდამჭერები დიდი ხანია მოითხოვენ სააკაშვილის მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას.