საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება – ბოლო მონაცემები

საანგარიშო პერიოდში მეზობელი ქვეყნებიდან ელექტროენერგიის იმპორტმა მთლიანი მოხმარების 13,8% შეადგინა.
Sputnik
თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. 2021 წლის დასაწყისიდან ათ თვეში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარებამ 12,3 მლრდ კვტ/სთ შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21,8%-ით მეტია, ნათქვამია ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) განცხადებაში.
ოპერატორის მონაცემებით, იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ელექტროენერგიის საკუთარმა გამომუშავებამ 10,2 მლრდ კვტ/სთ შეადგინა.
გამომუშავებული ენერგიის დიდი წილი ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის – 8,7 მლრდ კვტ/სთ. თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებულია დაახლოებით 1,5 მლრდ კვტ/სთ, ქართლის ქარის სადგურმა კი 72,1 მლნ კვტ/სთ გამოიმუშავა.
საქართველოს მოსახლეობის მიერ ელექტროენერგიის ხარჯვას „ჭკვიანი მრიცხველები“ გამოითვლიან
საქართველოში ელექტროენერგიის დეფიციტის შევსება ხდებოდა მეზობელი ქვეყნებიდან განხორციელებული იმპორტის ხარჯზე.
მიმდინარე წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში საქართველოში იმპორტირებულია 1,7 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია, მათ შორის რუსეთიდან 1 მლრდ კვტ/სთ-ზე მეტი, თურქეთიდან 161,2 მლნ კვტ/სთ, აზერბაიჯანიდან კი 505,7 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია.
საანგარიშო პერიოდში ქვეყნიდან ექსპორტმა შეადგინა 382,7 მლნ კვტ/სთ.
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება.
სპეციალისტების პროგნოზით, 2030 წლისთვის ქვეყანა სერიოზული ენერგოდეფიციტის წინაშე აღმოჩნდება, რამდენადაც იმ დროისათვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 70%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს.
მეზობელ ქვეყნებზე ენერგოდამოკიდებულების შემცირებისთვის ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს გამოიყენოს ადგილობრივი განახლებადი რესურსები.