თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს რუსეთის მიერ შემოთავაზებული მოლაპარაკებების „3+3“ ფორმატზე თავისი ალტერნატიული წინადადება აქვს, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.
უფრო ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანთან მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ განიხილეს აზერბაიჯანთან, სომხეთთან, საქართველოსთან და თურქეთთან მოლაპარაკებების ფორმატის „3+3“ ინიციატივა რეგიონში ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების გახსნის საკითხზე.
„ჩვენი ალტერნატივა არის ის ინიციატივები, რაც ჩვენ წამოვაყენეთ. იგივე სამეულის ფორმატი – სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის – საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი. თბილისი იქცეს დიალოგისთვის პლატფორმად. ჩვენ გვაქვს ამბიცია, შევთავაზოთ ჩვენს მეზობლებს ეკონომიკური პროექტები, რომლებიც რეგიონში დაძაბულობის მოხსნას დაეხმარება. სწორედ ამ სამი ქვეყნის გადასაწყვეტია სამხრეთ კავკასიის მომავალი“, – განაცხადა ზალკალიანმა.
რუსეთი ამ მექანიზმს განიხილავს, როგორც ძალზე მნიშვნელოვან, პერსპექტიულ ფორმატს, სადაც შესაძლებელი იქნება უსაფრთხოების რეგიონული პრობლემების განხილვა რეგიონის სახელმწიფოების მონაწილეობით.
ლავროვმა უფრო ადრე აღნიშნა, რომ ირანს ამ ინიციატივის მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვს, ისევე, როგორც თურქეთსა და აზერბაიჯანს. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ასეთი მექანიზმის შექმნით დაინტერესდება.