თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. ექს-პრეზიდენტი თანახმაა გადავიდეს გორის ჰოსპიტალში, ამის შესახებ საკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, როგორც კი სააკაშვილს გორის ჰოსპიტალში გადაიყვანენ, ის შიმშილობას შეწყვეტს.
„სააკაშვილს დღესვე გადაიყვანენ გორის ჰოსპიტალში. მისი ტრანსპორტირება განხორციელდება მოგვიანებით. კონკრეტულ დროს არ გავამხელ, რადგან ასეა საჭირო მისი უფასთხოებითვის. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, აღნიშნა გვარამიამ.
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარასკევს მიხეილ სააკაშვილს მკურნალობა გორის სამხედრო ჰოსპიტალში შესთავაზა. უფრო ადრე ექს–პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეწყვეტს შიმშილობას, თუ მას ციხის საავადმყოფოდან სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაიყვანდნენ.
სააკაშვილმა შიმშილობა დაკავების დღეს, 1 ოქტომბერს გამოაცხადა. ის თავს პოლიტპატიმარს უწოდებს, ხოლო ბრალდებებს – გაყალბებულს. ექს–პრეზიდენტის ადვოკატები და პირადი ექიმი დიდი ხანია მოითხოვენ სააკაშვილის მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას.
სააკაშვილმა საქართველოს საზღვარი არალეგალურად გადმოკვეთა და ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას ორი სისხლის სამართლის საქმეზე სამშობლოში დაუსწრებლად მისჯილი აქვს ექვსი წლით პატიმრობა. მის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმე განხილვის პროცესშია, მათ შორის საზღვრის უკანონო კვეთის შესახებ.