სერგეენკო: სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საკითხი კვლევებზეა დამოკიდებული

დღეს გლდანის ციხის საავადმყოფოში მყოფი ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 49-ე დღეა შიმშილობს, ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ შეუძლოდ გახდა და წაიქცა.
Sputnik
თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა-არგადაყვანის საკითხი დამოკიდებულია სპეციალისტების მიერ ჩატარებულ კვლევებზე, რომლებიც ახლა მიმდინარეობს, განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა, ყოფილმა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.
დღეს გლდანის ციხის საავადმყოფოში მყოფი ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 49-ე დღეა შიმშილობს, ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ შეუძლოდ გახდა და წაიქცა. ის საკაცით გაიყვანეს. შემდეგ მას სარეანიმაციო ღონისძიებები ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა დასტაბილურდა.
კონსილიუმის ხელმძღვანელი: სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულად მწვავეა
ამის შემდეგ გლდანის ციხის საავადმყოფოში მივიდნენ „ქართული ოცნების“ დეპუტატები დიმიტრი ხუნდაძე, დავით სერგეენკო, მიხეილ სარჯველაძე და სხვა დეპუტატები, აგრეთვე მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე.
სერგეენკოს თქმით, მესამე კონსილიუმის წევრები ახორციელებენ პაციენტ სააკაშვილის გამოკვლევას, დასრულდა ნევროლოგის კონსულტაცია, ახლა მიმდინარეობს გასტროენტეროლოგის კონსულტაცია. მისი თქმით, სააკაშვილის სხვა კლინიკაში გადაყვანა-არგადაყვანის საკითხი უახლოეს საათებში გადაწყდება.

„მინდა დაგარწმუნოთ, რომ პაციენტი მიიღებს ყველა იმ სერვისს, რაც კი იქნება აუცილებელი მისთვის. კონკრეტულად რა სერვისები იქნება, ადგილზე განხორციელდება თუ გახდება საჭირო მისი გადაყვანა, ეს გადაწყდება ამ საათების განმავლობაში ჩატარებული კონსულტაციების შემდეგ”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, სააკაშვილის მდგომარეობა კატასტროფული არაა, თუმცა საყურადღებოა. თუ მიხეილ სააკაშვილს დასჭირდება ისეთი ტიპის სამედიცინო მომსახურება, რომლის გაწევა ადგილზე შეუძლებელი იქნება, მისი სხვა კლინიკაში გადაყვანა მოხდება, განაცხადა ხუნდაძემ.

„თუ საჭიროება დადგა სხვა კლინიკაში გადაყვანის, არც ამაზე ვიტყვით უარს“, – განაცხადა ხუნდაძემ.

ექსპერტთა დასკვნა: ციხის საავადმყოფო სააკაშვილის მკურნალობის პირობებს არ აკმაყოფილებს
„ქართული ოცნების“ დეპუტატის თქმით, მათ პირადად მიხეილ სააკაშვილი არ უნახავთ, დეპუტატები მის პირად ექიმს ნიკოლოზ ყიფშიძეს და კონსილიუმის წევრებს შეხვდნენ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა 1 ოქტომბერს, დაკავების დღეს გამოაცხადა. რუსთავის №12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის №18 სამკურნალო დაწესებულებაში სააკაშვილის ეტაპირება 8 ნოემბერს განხორციელდა. როგორც ექს-პრეზიდენტი, ისე მისი ადვოკატები, პირადი ექიმი და მხარდამჭერები მის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ. ხელისუფლების წარმომადგენლები ირწმუნებოდნენ, რომ ციხის კლინიკა სრულად არის მზად მოშიმშილე პაციენტის სამართავად.