თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტომ თბილისში უკანონოდ გახსნილი კოვიდ-ტესტირების დაწესებულება გამოავლინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სააგენტომ საკონტროლო ღონისძიების შემდეგ აღმაშენებლის გამზირზე, ერთ-ერთ საიუველირო მაღაზიაში კოვიდ-ტესტირების პუნქტი გამოავლინა, რომელიც მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სავალდებულო შეტყობინების გარეშე ფუნქციონირებდა.
„ძირითადად, ამ ტიპის დაწესებულებები იღებენ ნაცხს და გზავნიან ლაბორატორიებში, თუმცა აუცილებელია, რომ მათ სააგენტოში გადმოგზავნონ შესაბამისი შეტყობინება და აკმაყოფილებდნენ მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტს“, – განაცხადა რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაალ კაპანაძემ.
რეგულირების სააგენტომ დარღვევაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა, რომელიც შემდგომი რეაგირებისთვის სასამართლოს გადაეგზავნა.
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო პერიოდულად ახდენს კოვიდ-ტესტირების სერვისის მიმწოდებელი დაწესებულების გადამოწმებას მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.