სტაბილურია: პენიტენციური სამსახურის განცხადება სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ

რამდენიმე წუთის წინ გლდანის ციხის საავადმყოფოში მყოფი ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ შეუძლოდ გახდა და წაიქცა. ის საკაცით გაიყვანეს.
Sputnik
თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ცოტა ხანში მისი მდგომარეობის შესახებ განმარტებას ექიმი გააკეთებს.
სააკაშვილმა ციხეში გონება დაკარგა
რამდენიმე წუთის წინ გლდანის ციხის საავადმყოფოში მყოფი ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 49-ე დღე შიმშილობს, ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ შეუძლოდ გახდა და წაიქცა. ის საკაცით გაიყვანეს.

„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ცოტა ხანში ექიმი რეანიმატოლოგი გააკეთებს კომენტარს მედიისთვის“, – ნათქვამია სამსახურის განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილთან ამ წუთებში მისი ერთ-ერთი ადვოკატი ნიკა გვარამია იმყოფება.
ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არის სტაბილურ მდგომარეობაში და არის კონტაქტური, განაცხადა ჟურნალისტებთან ექიმმა რეანიმატოლოგმა გულიკო ქილიფთარმა, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ ექს-პრეზიდენტი მოინახულა.
მისი ინფორმაციით, პაციენტს ჩაუტარდა რამდენიმე კვლევა და ელოდებიან შედეგებს.
„ოქსიგენაციის მაჩვენებლები, სუნთქვის პარამეტრები არის ნორმის ფარგლებში... ხანმოკლე, მცირე რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად მისი მდგომარეობა გამოსწორდა. პაციენტთან ყოველდღე მორიგეობს რეანიმაციული ბრიგადა და საჭიროების შემთხვევაში ის მიიღებს შესაბამის ზომებს. უამრავი კვლევებია გაგზავნილი ლაბორატორიაში. მე პირადად არსად არ წავალ, ვრჩები აქ, სანამ ყველაფერი არ დასრულდება“, – განაცხადა რეანიმატოლოგმა.
ექსპერტთა დასკვნა: ციხის საავადმყოფო სააკაშვილის მკურნალობის პირობებს არ აკმაყოფილებს
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა 1 ოქტომბერს, დაკავების დღეს გამოაცხადა. რუსთავის №12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის №18 სამკურნალო დაწესებულებაში სააკაშვილის ეტაპირება 8 ნოემბერს განხორციელდა. როგორც ექს-პრეზიდენტი, ისე მისი ადვოკატები, პირადი ექიმი და მხარდამჭერები მის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას მოითხოვდნენ და მოითხოვენ.
სააკაშვილს ორი სისხლის სამართლის საქმეზე სამშობლოში დაუსწრებლად მისჯილი აქვს ექვსი წლით პატიმრობა. მის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმე განხილვის პროცესშია, მათ შორის საზღვრის უკანონო კვეთის შესახებ. თავად მესამე პრეზიდენტი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს, ხოლო მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებს გაყალბებულს უწოდებს.