თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დაეთანხმა ყველა არგუმენტს, რომ დაწესებულებაში ასეთი მძიმე პაციენტის მკურნალობა არ არის მიზანშეწონილი და უკეთესია გადაყვანა, განაცხადა სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის წევრმა, ექიმმა გიორგი გრიგოლიამ ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრის შემდეგ.
დღეს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინა ტიკარაძეს სახალხო დამცველის მიერ მოწვეული ექიმების ჯგუფი, ასევე პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი კონსილიუმის წევრები მას შემდეგ შეხვდნენ, რაც ციხის საავადმყოფოში ექს-ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ექიმების ჯგუფმა გუშინ წარმოადგინა დასკვნა, რომლის თანახმად მოშიმშილე ექს-პრეზიდენტი არ უნდა იმყოფებოდეს გლდანის ციხის საავადმყოფოში.
„ეკატერინე ტიკარაძის პოზიცია არის ისეთივე, როგორც ნებისმიერი ექიმის. ის იქცეოდა როგორც ექიმი და არა პოლიტიკური მოღვაწე და დაეთანხმა ყველა არგუმენტს, რომ იმ დაწესებულებაში ასეთი მძიმე პაციენტის მკურნალობა არ არის მიზანშეწონილი და უკეთესია გადაყვანა“, - განაცხადა გრიგოლიამ და აღნიშნა, რომ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საკითხი ჯანდაცვის სამინისტროს პრეროგატივა არ არის.
გარდა ამისა, ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის შესახებ კომენტარი გააკეთა კარდიოლოგმა ზურაბ ფაღავამ. მედიკოსის ინფორმაციით, სააკაშვილის სასიცოცხლო პარამეტრები არასტაბილურია.
„საქართველოს ექს-პრეზიდენტის მდგომარეობა შეაფასა ექსპერტთა ჯგუფმა როგორც კრიტიკული, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი პროგნოზი გაურკვეველია. რაიმე პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია. მისი მდგომარეობა ძნელად ემორჩილება მართვას. ფატალური შედეგის ალბათობა არსებობს“, - განაცხადა ფაღავამ.
„გაგვიზიარეს თავიანთი შთაბეჭდილება, მოისმინეს ჩვენი გამოცდილება, რაც გვქონდა ამ პაციენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. შედგა ახალი ჯგუფი, რომელიც დღეს საღამოს შევა სააკაშვილთან“, - განაცხადა ნინო შარაშენიძემ, ექიმმა პრემიერის ჯგუფიდან.
მან აღნიშნა, რომ ტიკარაძესთან შეხვედრა კონსტრუქციული იყო.
„იყო მხოლოდ და მხოლოდ ექიმების შეხვედრა, სადაც ძალიან კონსტრუქციულად ვიმსჯელეთ, ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი შთაბეჭდილებები და ჩვენი გამოცდილება“, - განაცხადა შარაშენიძემ.
დღეს გლდანის ციხის საავადმყოფოში მყოფი ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 49-ე დღე შიმშილობს, ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ შეუძლოდ გახდა და წაიქცა. ის საკაცით გაიყვანეს.
ამჟამად სააკაშვილთან იმყოფებიან „ქართული ოცნების“ დეპუტატები დიმიტრი ხუნდაძე და დავით სერგეენკო, ასევე „ნაცმოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე, აგრეთვე მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე. ამასთან, ამ წუთებში ჯანდაცვის უწყებაში მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია იმყოფება. ალასანიას თქმით, მას სამინისტროდან დაუკავშირდნენ და შეხვედრა სთხოვეს.
საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით მულტიპროფილური, 9 ექიმით დაკომპლექტებული ექსპერტთა ჯგუფი შექმნა.
გუშინ სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფმა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა გაავრცელა. მათი თქმით, ციხის საავადმყოფო კარგად არის აღჭურვილი, მაგრამ იგი მაინც არ შეესაბამება იმ პირობებს, რომლებიც ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის სამკურნალოდ არის საჭირო.
ექიმების დასკვნაში ნათქვამია, რომ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია. მათი დიაგნოზია: ვერნიკეს ენცეფალოპათია, პერსისტენტული ჰიპოკალიემია, ანემია - თალასემია, გასტროინტესტინალური სისხლდენის მაღალი ალბათობა, მაღალი სტრესული გარემო.
ექიმების განმარტებით, შიმშილობის გაგრძელების შემთხვევაში არაერთი გართულებაა მოსალოდნელი, მათ შორის: ვერნიკეს ენცეფალოპათიის დამძიმება კომით, ეპილეფსიური სტატუსით, ჰიპოკალიემიით გამოწვეული ლეტალური არითმია, რაბდომიოლიზი, თირკმლის უკმარისობა, გასტროინტესტინალური სისხლდენა. შიმშილობის შეწყვეტის შემთხვევაში კი დიდი ალბათობაა, განვითარდეს კვების აღდგენის (რეფიდინგის) სინდრომი.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა 1 ოქტომბერს, დაკავების დღეს გამოაცხადა. რუსთავის №12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის №18 სამკურნალო დაწესებულებაში სააკაშვილის ეტაპირება 8 ნოემბერს განხორციელდა. როგორც ექს-პრეზიდენტი, ისე მისი ადვოკატები, პირადი ექიმი და მხარდამჭერები მის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ. იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ №18 სამკურნალო დაწესებულებაში სააკაშვილის მკურნალობისთვის ყველა აუცილებელი პირობა არსებობს.