დღემდე ათასამდე ნამუშევარი აქვს შექმნილი და ყოველი მათგანი დახვეწილი ფორმით გამოირჩევა. ისინი თავის არც ისე სიტყვაუხვ ავტორზე გაცილებით მეტს ამბობენ. რაც მთავარია, მსუბუქ განწყობას გიქმნიან და კეთილად გაღიმების სურვილს გიჩენენ...
- საბა, ხელოვნების ასეთი მოყვარული რომ ხართ და ნიჭითაც გამოირჩევით, თავის დროზე სტომატოლოგობა რატომ აირჩიეთ პროფესიად?
- მიუხედავად იმისა, რომ 13 წლიდან დამოუკიდებლად ვფლობ ხის მერქანზე მუშაობის ტექნოლოგიას, სკოლის დამთავრების შემდეგ მაინც გადავწყვიტე ბაბუის გზას გავყოლოდი. ექიმების ოჯახიდან ვარ და, ტრადიციის თანახმად, ჩემთვისაც ეს პროფესია გახდა პრიორიტეტული.
- მედიცინის ეს განხრა ჯანმრთელობის გარდა ესთეტიკასაც ემსახურება, ამიტომაც ხომ არ გააკეთეთ მასზე არჩევანი?
- დიახ, რა თქმა უნდა, ამიტომაც. ჯანმრთელობასთან ერთად ადამიანისთვის ესთეტიკაც და სილამაზეც მნიშვნელოვანია. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ დახმარებისთვის ბაბუის კოლეგას და მეგობარს მივმართე. ასე აღმოვჩნდი მეექვსე სტომატოლოგიურ კლინიკაში, სადაც მთელი წელი ორთოპედიული მიმართულებით ვიმუშავე. სხვათა შორის, ჩემი ერთი ნამუშევარი თემატურია და მას „სმაილი სარეცხი“ დავარქვი.
- თქვენი ნამუშევრების შექმნის დროს დეკორირების ისეთ სახეობას იყენებთ, როგორიცაა ინკრუსტაცია...
- რაც შეეხება ინკრუსტაციას, მკითხველს განვუმარტავ, რომ მისი ერთ-ერთი ვარიანტი ხის მხატრულად დამუშავების სახეობაა, რომელიც გულისხმობს მერქნის ფირფიტებით სხვადასხვა ფერისა და ფორმის ფიგურების დამზადებას. ამ გზით ავეჯს, საყოფაცხოვრებო საგნებსა და პანოებს აკეთებენ. ისინი იწყობა მოზაიკურად, მჭრელი საგნის საშუალებით. სირთულეებთან ჭიდილი ბავშვობიდან მიწევდა და ამ გზით უფრო მეტად გამოცდილებას ვიძენდი. ამდენად, ეს სირთულეები, შეიძლება ითქვას, განვითარებაშიც მეხმარებოდა.
- საქართველოში რამდენად პოპულარულია ინკრუსტაციის ხელოვნება?
- სამწუხაროდ, საქართველოში ის დღეს საკმარისად განვითარებული არ არის. ჩემი ნამუშევრებით სულ ვცდილობ, რომ იგი რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავაცნო. ამ გზით პოპულარიზაცია გავუწიო და ბევრი დავაინტერესო. გამომდინარე იქიდან, რომ მოსწონთ ჩემი ნამუშევრები, ამას ალბათ ვახერხებ კიდეც.
- საშუალოდ რა დროს ანდომებთ ერთი ნამუშევრის შექმნას და რა მასალას იყენებთ?
- ერთი ნამუშევრის შექმნას საკმაოდ დიდი დრო მიაქვს და შრომატევადი საქმეა. შეიძლება თვეებიც კი დასჭირდეს. რაც შეეხება მასალას, ხის სხვადასხვა ჯიშებს ვიყენებ – კოპიტი, წიფელა, მაკაგონი, კაკალი, ალუბალი, ნეკერჩხალი და ა.შ.
- თქვენი ნამუშევრების თემატიკისა და შინაარსიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ განსაკუთრებულად გიყვართ ფლორა-ფაუნა, ხართ იდეალისტი, კეთილი პიროვნება და იუმორის გრძნობა გაქვთ...
- შეიძლება ითქვას, რომ ასეა... თითოეული ნამუშევარი ჩემ განწყობასა და ემოციებს გამოხატავს. რამდენიმე მათგანი ჩემი ცამეტი წლის გოგონას რჩევების გათვალისწინებით მაქვს შექმნილი – ცხოველებისა და ფრინველების გამოსახვა ძირითადად მისი სურვილია ხოლმე.
- ნამუშევრების სახელწოდებები ცალკე თემაა და, როგორც ჩანს, ამას თქვენთვის მნიშვნელობა აქვს...
- რა თქმა უნდა, აქვს მნიშვნელობა, წინააღმდეგ შემთხვევაში არც მივაწერდი მათ. მკითხველისთვის გასაგები რომ იყოს რას მეკითხებით, მაგალითისთვის რამდენიმეს დავასახელებ: "შეყვარებული კურდღელი", "ჟირაფი ჟორა“, “ძმები ყვავები”, “მოწყენილი ზღარბუნია”, „კეკელა და მარო“, “ავთანდილი და ტარიელი”. მეუბნებიან, ისინი ნოველების სახელწოდებებადაც გამოდგებაო. ჩემ შემთხვევაში ვცდილობ ამგვარი დასახელებებით მნახველებს ნამუშევრების უკეთ აღსაქმელად ხალისიანი განწყობა შევუქმნა, ანუ ამ გზით მათ რაღაც ამბავი „მოვუყვე“. ბუნების თაყვანისმცემელი ვარ და მასთან სიახლოვე ემოციურად მამდიდრებს, ამიტომ ჩემს ნაკეთობებში ფლორის წარმომადგენლები ხშირად ჩნდებიან.
- თქვენს საქმიანობასთან დაკავშირებით რაიმე ჩანაფიქრი თუ გაქვთ?
- სურვილი მაქვს, რომ თანამედროვე მსოფლიო მხატვართა გამოფენა-გაყიდვაში მივიღო მონაწილეობა. მინდა ჩემი ნამუშევრები უცხო ქვეყნის ბევრმა ხელოვანმა იხილოს, რადგან მათი შეფასება და აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია.
- სულ რამდენი ნამუშევარი გაქვთ შექმნილი?
- 13 წლიდან მოყოლებული დღევანდელ დღემდე დაახლოებით ათასამდე ნამუშევარი მექნება გაკეთებული. სამწუხაროდ, გამოფენა არ მქონია, თუმცა შემოთავაზება იყო. ჩემი პირველი გამოფენა პანდემიის მიზეზით ჩაიშალა...
- თქვენზე, როგორც ხელოვანზე, პანდემიამ რა გავლენა მოახდინა?
- პანდემიამ ჩემზე ერთდროულად უარყოფითი და დადებითი გავლენა მოახდინა. უარყოფითი ფსიქოლოგიურ განწყობასთანაა დაკავშირებული – რთულია იმის მშვიდად აღქმა, რაც ვირუსმა დამართა ადამიანებს. დადებითი კი ისაა, რომ იძულებითი განმარტოების დროს შემოქმედებას უფრო დიდი დრო დავუთმე და ბევრს ვმუშაობ. პანდემიამ ბევრი რამ დაგვანახა და ზედაპირზე ისეთი რამ ამოიტანა, რაზეც მანამდე წარმოდგენა არ გვქონდა. ვფიქრობ, ასეთ დროს აუცილებელია, სიკეთე უფრო გააქტიურდეს, პირადად მე ამას შემოქმედებითი ფორმით გამოვხატავ ხოლმე...