თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ციხეში ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ გონება დაკარგა, განაცხადა მისმა ერთ-ერთმა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.
მისი თქმით, სააკაშვილი „მოწყვეტით წაიქცა“ და შემდეგ ის საკაცით აიყვანეს სართულზე.
მისი თქმით, ექს-პრეზიდენტი ათი წუთის განმავლობაში გონზე არ მოსულა. მეტი ინფორმაცია ადვოკატს არ აქვს.
ამჟამად გლდანის ციხეში ექს-პრეზიდენტის სხვა ადვოკატი ნიკა გვარამია იმყოფება.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა 1 ოქტომბერს, დაკავების დღეს გამოაცხადა. რუსთავის №12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის №18 სამკურნალო დაწესებულებაში სააკაშვილის ეტაპირება 8 ნოემბერს განხორციელდა. როგორც ექს-პრეზიდენტი, ისე მისი ადვოკატები, პირადი ექიმი და მხარდამჭერები მის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას მოითხოვდნენ და მოითხოვენ.
სააკაშვილს ორი სისხლის სამართლის საქმეზე სამშობლოში დაუსწრებლად მისჯილი აქვს ექვსი წლით პატიმრობა. მის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმე განხილვის პროცესშია, მათ შორის საზღვრის უკანონო კვეთის შესახებ. თავად მესამე პრეზიდენტი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს, ხოლო მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებს გაყალბებულს უწოდებს.