თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, განაცხადა მისმა ერთ-ერთმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ.
მისი თქმით, ამჟამად ექს-პრეზიდენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გვარამიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გონების წასვლის შემდეგ მის გადასარჩენად ექიმებმა დიდი ძალისხმევა გამოიჩინეს.
„დღეს ცუდად იყო დილიდან. შეხვედრის დროს რამდენჯერმე თავი მაგიდისკენ მიჰქონდა, უჭირდა თავის დაჭერა საუბრისას. რომ გამოვდიოდით ჩვენ, გაჰყავდა ბადრაგს და მოწყვეტით წაიქცა... როგორც კი სისტემა დაუყენეს, ფერზეც მოსულია და კონტაქტურიცაა. რომ წაიქცა, კონტაქტური არ იყო. ამჟამად ის რეანიმაციაში იმყოფება, ექიმები თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებენ“, – განაცხადა გვარამიამ.
გვარამიამ მადლობა გადაუხადა იმ ექიმებს, ვინც ყოფილ პრეზიდენტს დახმარება აღმოუჩინა.
ამასთან, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ კომენტარი გააკეთა ექიმმა რეანიმატოლოგმა, რომელმაც მას სამედიცინო დახმარება გაუწია.
დღეს გლდანის ციხის საავადმყოფოში მყოფი ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 49-ე დღეა შიმშილობს, ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ შეუძლოდ გახდა და წაიქცა. ის საკაცით გაიყვანეს.
ამ დროისათვის გლდანის ციხესთან ოპოზიციონერები არიან შეკრებილი.
პარალელურად პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის საცხოვრებელ სახლთან სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავდნენ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით. პოლიციასთან შეხლა-შემოხლის შემდეგ ოთხი აქტივისტი დააკავეს.
ამას გარდა, ქართულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ იგეგმება სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანა, სადაც ერთ-ერთ პალატას გისოსები დაუმაგრეს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა 1 ოქტომბერს, დაკავების დღეს გამოაცხადა. რუსთავის №12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის №18 სამკურნალო დაწესებულებაში სააკაშვილის ეტაპირება 8 ნოემბერს განხორციელდა. როგორც ექს-პრეზიდენტი, ისე მისი ადვოკატები, პირადი ექიმი და მხარდამჭერები მის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას მოითხოვდნენ და მოითხოვენ.
სააკაშვილს ორი სისხლის სამართლის საქმეზე სამშობლოში დაუსწრებლად მისჯილი აქვს ექვსი წლით პატიმრობა. მის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმე განხილვის პროცესშია, მათ შორის საზღვრის უკანონო კვეთის შესახებ. თავად მესამე პრეზიდენტი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს, ხოლო მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებს გაყალბებულს უწოდებს.