თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. ელემენტარული ადამიანობა რომ ჰქონდეს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, მარტო ელენე ხოშტარიას გამო შეწყვეტდა შიმშილობას, განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.
საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, ოპოზიციური პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა 3 ნოემბერს დაიწყო. მთელი ამ დროის მანძილზე იგი მხოლოდ წყალს იღებს. შიმშილობის 15 დღის მანძილზე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენჯერმე გაუარესდა და მისთვის სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. ექიმებმა მისი საავადმყოფოში გადაყვანის რეკომენდაცია გასცეს, რაზეც პოლიტიკოსმა უარი განაცხადა.
„თითქმის 50 დღემდე ნაშიმშილარი სააკაშვილი უფრო კარგად არის, ვიდრე ორი კვირის მოშიმშილე ელენე ხოშტარია... გუშინ ელენე ხოშტარიასთან გვქონდა საკმაოდ გულწრფელი საუბარი. ჩვენ მას ვთხოვეთ, რომ შეწყვიტოს შიმშილობა, თუმცა, ბუნებრივია, ეს ადამიანი ამ პოზიციას არ იზიარებს. სწორედ მიხეილ სააკაშვილი არის პასუხისმგებელი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე“, – განაცხადა მდინარაძემ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა 1 ოქტომბერს, დაკავების დღეს გამოაცხადა. რუსთავის №12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის №18 სამკურნალო დაწესებულებაში სააკაშვილის ეტაპირება 8 ნოემბერს განხორციელდა. როგორც ექს-პრეზიდენტი, ისე მისი ადვოკატები და მხარდამჭერები მის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას მოითხოვდნენ და მოითხოვენ.
„ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მომხრეები სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს ყოველდღიურად მართავენ. ამავე მოთხოვნით შიმშილობს საქართველოს პარლამენტის ათი დეპუტატი, ასევე ფოთის, ზუგდიდისა და რუსთავის საკრებულოების ცალკეული ოპოზიციონერი დეპუტატი.