პოლიციელებმა მოშიმშილე ოპოზიციონერებს ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს

ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ ახლად არჩეულმა საკრებულოს წევრებმა საკრებულოს სხდომის ჩაშლა სცადეს, რომელზეც მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი უნდა დაამტკიცონ.
Sputnik
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზში მყოფ მოშიმშილე ოპოზიციონერებს საკრებულოს დარბაზი სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.
ზუგდიდის საკრებულოს ახლადარჩეულმა დეპუტატებმა „ნაციონალური მოძრაობიდან“, რომლებმაც პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა 15 ნოემბერს გამოაცხადეს, დღეს ხმაურით დაიკავეს ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზი, რათა ხელი შეეშალათ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წევრებისთვის რაიონული ბიუჯეტის პროექტის განხილვასა და დაჩქარებული წესით მიღებაში.
ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სხდომათა დარბაზის დაკავება, იქ ლეიბების შეტანა და ამ ფორმით სხდომის ჩატარებისთვის ხელის შეშლა გადაწყვიტეს. დილით საკრებულოს დარბაზში ლეიბების შეტანის უფლებას მათ თავდაპირველად დაცვის თანამშრომლები არ აძლევდნენ, რასაც მცირე დაპირისპირება მოჰყვა. თუმცა საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ანი წითლიძემ და „ნაცმოძრაობის" სხვა წევრებმა ჩანაფიქრი მაინც განახორციელეს.
ხმაური ზუგდიდის საკრებულოში: მოშიმშილე დეპუტატებმა სხდომათა დარბაზში ლეიბები გაშალეს
ზუგდიდის საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრებმა მოშიმშილეებს რამდენჯერმე მიმართეს, რომ მათ დაეტოვებინათ სხდომათა დარბაზი და მათთვის ქალაქის 2022 წლის ბიჯუეტის განხილვის საშუალება მიეცათ, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ ახლად არჩეული საკრებულოს წევრები დარბაზის დატოვებაზე უარს აცხადებდნენ, რის შემდეგაც ზუგდიდის საკრებულოში პოლიცია გამოიძახეს. პროტესტის მონაწილეები დარბაზიდან პოლიციამ ძალის გამოყენებით გაიყვანა.
მოშიმშილეები საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის იმ ოთახში შეიყვანეს, სადაც ისინი შიმშილობის გამოცხადების შემდეგ იმყოფებოდნენ.