თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში სააბონემენტო სისტემა ამოქმედდება

მომავალი წლიდან მოსახლეობა ინტეგრირებული ტარიფებით სარგებლობას ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში შეძლებს, აღნიშნა კახა კალაძემ.
Sputnik
თბილისი, 17 ნოემბერი – Sputnik. თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მომავალი წლიდან ​სააბონემენტო სისტემა ამოქმედდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
მისი თქმით, სააბონემენტო სისტემაზე დეტალურ ინფორმაციას მოსახლეობას მოგვიანებით მიაწვდიან. მიკროავტობუსების პარკის მთლიანად განახლების შემდეგ ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში იმოქმედებს მგზავრობის ინტეგრირებული ტარიფი. აღნიშნულ სიახლესთან დაკავშირებით სხვა დეტალები კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

„იცით, რომ მეტროს ბილეთის ყიდვის შემთხვევაში საათ-ნახევრის განმავლობაში ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა, ისარგებლონ ავტობუსით, მიკროავტობუსით ყოველგვარი გადასახადების გარეშე. ეს დღევანდელი მოცემულობიდან ე.წ. ყვითელ მარშრუტკებზე არ ვრცელდება, თუმცა მომავალი წლიდან მთლიანად იქნება მოწესრიგებული და ყველა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე იქნება შესაძლებლობა, გამოიყენოთ ეს ინტეგრირებული ტარიფები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ასევე აღნიშნა, რომ წლის ბოლომდე მიკროავტობუსების პარკი მთლიანად განახლდება და ყვითელი მიკროავტობუსები მთლიანად ჩანაცვლდება ახალი, ლურჯი მიკროავტობუსებით.
თბილისში ახალი სატრანსპორტო მარშრუტები ამოქმედდება
ბოლო წლებში თბილისში აქტიურად ხორციელდება სატრანსპორტო რეფორმა, რომლის მიზანია თბილისელებისთვის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა უფრო კომფორტული და უსაფრთხო იყოს. აქტიურად მიმდინარეობს მუნიციპალური ავტოპარკის განახლება.