თბილისის ბიუჯეტი 2022 წელს 1,4 მილიარდ ლარამდე გაიზრდება

ქალაქის ბიუჯეტის პროექტი განსახილველად უკვე შეტანილია თბილისის საკრებულოში.
Sputnik
თბილისი, 17 ნოემბერი – Sputnik. თბილისის 2022 წლის ბიუჯეტი 1,4 მილიარდ ლარზე მეტს შეადგენს, პროექტი საკრებულოში განსახილველად უკვე შეტანილია, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
პროექტის თანახმად, ქალაქის ძირითადი ბიუჯეტი 1,2 მლრდ ლარს შეადგენს და მას დონორთა 230 მლნ ლარის ოდენობის გრანტი დაემატება. როგორც კალაძემ აღნიშნა, საკრებულოს ამგვარად წარედგინა 1,43 მლრდ ლარის შუალედური ბიუჯეტი. შედარებისთვის: 2021 წელს თბილისის ბიუჯეტი 1.050.302.500 ლარს შეადგენდა.
„გაზრდილი ბიუჯეტი გვაძლევს შესაძლებლობას, დედაქალაქში ინფრასტრუქტურული, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებებით უფრო მეტი პროექტი განვახორციელოთ და უფრო მეტი თანადგომა გამოვუცხადოთ იმ ოჯახებს, რომელთაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდებათ“, – განაცხადა კალაძემ.
კალაძემ აღნიშნა, რომ მისი მიზანია, ქალაქის ბიუჯეტი უახლოეს წლებში 1,7 მლრდ ლარი გახდეს.