რა ცვლილებები შევა სასკოლო კვების რაციონში: განათლების სამინისტროს განცხადება

სამინისტროს ინფორმაციით, მოსწავლეთა სასკოლო კვების პროგრამაზე სამუშაოდ სპეციალური უწყებათშორისი ჯგუფი შეიქმნება.
Sputnik
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელთან ღასან ხალილთან სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა კვების საკითხი განიხილა. ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
მხარეებმა მოსწავლეთა სასკოლო კვების პროგრამის შემუშავების დეტალები განიხილეს და მისი განხორციელების, მართვისა და ლოჯისტიკის საკითხებზე ისაუბრეს. უწყების ინფორმაციით, შეიქმნება უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეიმუშავებს ქვეყანაში სასკოლო კვების პროგრამას და შემდეგ მის რეალიზაციას მოახდენს.

„აღსანიშნავია, რომ კვების რაციონში, რომელიც სპეციალისტების მიერ არის შედგენილი, გათვალისწინებული იქნება კონკრეტული რეგიონის სოფლის მეურნეობის პროდუქტები. მოსწავლეთა სასკოლო კვების პროგრამაზე სპეციალური უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომლის მუშაობის დეტალური შედეგები საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ღასან ხალილის განცხადებით, სასკოლო კვების პროგრამის უპირატესობა ისაა, რომ გაიზრდება სკოლებში მოსწავლეთა დასწრება, სასკოლო კვება კი გააუმჯობესებს ბავშვების სწავლის უნარს, გონებრივ განვითარებას.
მან აღნიშნა, რომ გაეროს ბავშვთა ფონდი აქტიურ მონაწილეობას მიიღებს უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფის მუშაობაში და პრაქტიკული საკითხების განხილვაში.
UNICEF-მა კორონავირუსისგან დამცავი საშუალებები საქართველოს სკოლებს საჩუქრად გადასცა
შემუშავებული კონცეფცია წარედგინება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გაიცემა რეკომენდაციები იუნისეფის მიერ ჩატარებული კვლევების საფუძველზე.
სამინისტროში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი თათია უგულავა.