საქართველოს პრეზიდენტის განცხადებამ სააკაშვილის დედას იმედი ჩაუსახა

ზურაბიშვილმა სააკაშვილთან დაკავშირებულ სიტუაციაზე ისაუბრა
Sputnik
თბილისი, 17 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში დაინახა შანსი იმისა, რომ მის შვილს სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ.
ზურაბიშვილის თქმით, სააკაშვილი უნდა სარგებლობდეს ჯანმრთელობის დაცვის უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით როგორც შიმშილობის დროს, ისე მის შემდეგ, რათა არ გაჩნდეს არავითარი კითხვა და ეჭვი.
„მომეჩვენა, რომ დადებითისკენ წავიდა ეს ყველაფერი, თითქოს, ამჯერად მისი გამოსვლა მისაღები და იმედისმომცემი იყო“, – განუცხადა გიული ალასანიამ „მთავარ არხს“.
მან ივარაუდა, რომ ზურაბიშვილმა, რომელიც რამდენიმე დღით საზღვარგარეთ იმყოფებოდა, გვერდიდან შეხედა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და პოზიცია შეიცვალა. წინა გამოსვლისას პრეზიდენტი უკიდურესად კატეგორიული იყო. თუმცა მაშინ საქმე ეხებოდა სააკაშვილის შეწყალება-არშეწყალების საკითხს. „არა და არასდროს“, - განაცხადა მაშინ სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა დაგმო სააკაშვილის ციხის კლინიკაში გადაყვანის კადრების გავრცელება
როგორც გიული ალასანიამ პარლამენტში მოშიმშილე დეპუტატების მონახულებისას აღნიშნა, საუბარია იმაზე, რომ ფოკუსი მიმართული იყოს ადამიანის ჯანმრთელობაზე და ის, რაც მან მოისმინა (ზურაბიშვილის ბრიფინგი, რედ.), პოზიტიური მოეჩვენა.
მისი თქმით, ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს მოშიმშილე დეპუტატების მოთხოვნა და სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანოს.
ექს-პრეზიდენტმა შიმშილობა დაკავების დღეს, 1 ოქტომბერს გამოაცხადა. ჯანმრთელობის გაუარესების გამო იგი რუსთავის ციხიდან გლდანის ციხის კლინიკაში გადაიყვანეს. თავად სააკაშვილი და მისი მხარდამჭერები მის გადაყვანას სამოქალაქო კლინიკაში მოითხოვდნენ.
სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში და არა სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის ერთ-ერთი მიზეზი იყო აგრეთვე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება, რომ „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან არეულობები მზადდებოდა. სუსმა პირდაპირ განაცხადა, რომ არის საშიშროება, სააკაშვილის გათავისუფლების მიზნით მისმა მომხრეებმა კლინიკა შტურმით აიღონ. სუსში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
„ნაცმოძრაობა“ და მისი მხარდამჭერები ყოველდღიურად მართავენ საპროტესტო აქციებს სააკაშვილის მრავალპროფილიან სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით. ამავე მოთხოვნით შიმშილობს საქართველოს პარლამენტის ათი დეპუტატი, ასევე ფოთის, ზუგდიდისა და რუსთავის საკრებულოების რამდენიმე დეპუტატი.